კახა კალაძე – არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, მოაწყონ არეულობა, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთთან, მოაწყონ რევოლუციები

თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის პრობლემა ძალიან დიდია არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან, არამედ აშშ-თან დაკავშირებით, რაზეც ამერიკის პრეზიდენტიც საუბრობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროპის აუდიტორული სასამართლოს მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევით არ არის ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონი მიიღო.

„ძალიან დიდია პრობლემა თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, აშშ-ის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა აღნიშნულ თემას. შემთხვევითი არ არის ის პრობლემა, რომელიც დღეს ევროკავშირშიც დღის წესრიგში დგას. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხებს ხარჯავდნენ გაუმჭვირვალედ. ძირითადად, თანხები გამოიყენებოდა ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების დასამხობად, მათი პოლიტიკის გასატარებლად და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე. შემთხვევით არ არის თუნდაც ის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამჭვირვალობის კანონის შემოღების თაობაზე, რადგან ყველა თანხა, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, მიდის რადიკალური დაჯგუფებების, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, ამასთანავე, არ არის გამჭვირვალე, რას ხმარდება აღნიშნული სახსრები. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო, უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანონ.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ღიად ვამბობდით, რომ იმ რევოლუციურ მცდელობებს, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა, სხვადასხვა სახელი ჰქონდა. გვახსოვს, იყო ჟურნალისტების მცდელობა, არასამთავრობოების, რადიკალური დაჯგუფებების, პოლიტიკური პარტიების და ა.შ. თუმცა, მთავარი არის ის, რომ ეს თანხები შემოდიოდა უცხოეთიდან, ამ პროცესებს აფინანსებდნენ უცხო ქვეყნები, მათ ჰყავდათ და დღესაც ჰყავთ, რადიკალური დაჯგუფებების სახით, აგენტურა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, მოაწყონ არეულობა, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთთან, მოაწყონ რევოლუციები და სხვა. ჩვენ გვექნება შენარჩუნებული მშვიდობა და სიმშვიდე. ვინმეს თუ ხელისუფლების შეცვლა უნდა, ეს არა დაპირისპირებით და უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებით, არამედ არჩევნების გზით უნდა მოხდეს, როგორც ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებში ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.