კიდევ ერთი შემზღუდავი ინიციატივა ოპოზიციისთვის – რა ცვლილება წარედგინა პარლამენტს

დამატებითი შეზღუდვები პარტიებისთვის – პარლამენტს განსახილველად დაჩქარებული წესით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილება წარედგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ცვლილების ამოქმედების მერე, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას ვეღარ შეძლებენ.

ცვლილების პროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა”.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ ინიაციატივაში ერთი რამ იკითხება, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად შეზღუდოს “ოცნებამ”.

“აქ მხოლოდ ერთი რამ იკითხება – ოპოზიცია მაქსიმალურად შეზღუდოს და რაც მთავარია, რისიც ძალიან ეშინია, ფინანსური ნაკადები შეწყდეს ოპოზიციის მიმართულებით.

ფიქრობენ, რომ თუ ასეთი ლექცია-სემინარები ტარდება, აქ უფრო ფულის გადმოქაჩვა მიდის და არა ლექციებისთვის, რადგან თუ ვინმეს რამე სათქმელი და სასწავლი აქვს, დღეს სოციალური საშუალებები იმდენად კარგად არის განვითარებული, რომ ვინმესთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს სტატიის გამქოვეყნება რომელიმე უცხოურ ჟურნალში, რომელიც ამის შეცველი იქნება, რაც იქ სემინარებზე უნდა ითქვას და გაკეთდეს.

“შეზღუდვაა იმ მხრივ, თუნდაც თეორიული, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ პირდაპირი, ან ირიბი დაფინანსება. ასეთ პროცესებში არასდროს ვიღებდი მონაწილეობას და არ ვიცი რა და როგორ ხდება, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი და განწყობაა, იქ ფული დიდ როლს არ თამაშობს.

იგივე 2012 წელს ივანიშვილი ფულმა კი არ დაამარცხა “ნაციონალური მოძრაობა”, დაამარცხა საზოგადოების იმ განწყობამ, რაც მაშინ ენმ-ს მიმართ იყო და ეს იმდენად ძლიერი განწყობაა, რომ დღემდეა შემორჩენილი”,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “რეზონანსთან”.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, ინიციატივის მიზანია, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალურად შემცირდეს უცხოური ჩარევები, ან “საერთოდ აილაგმოს”

“მიზანი ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შემცირდეს, ან საერთოდ აილაგმოს უცხოური ჩარევები. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვნახეთ როგორ ინტენსიურად ეწყობოდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მიერ გამოყოფილი თანხებით ერთი შეხედვით უწყინარი სემინარები, ლექციები, მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ძირითადად ოპოზიციური პარტიები იყვნენ და მმართველი პარტია ცალყბად დაპატიჟეს.

“ასევე იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტიურად ხელისუფლების ოპონენტებად ჩამოყალიბდნენ და ეს ყველაფერი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ იქ წინასარჩევნო აგიტაცია ეწარმოებინათ, რაც კანონით აკრძალურლია და ეს მოედანი გამოეყენებინათ ანტისახელისუფლებო პროპაგანდისთვის.

როცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პლატფორმას, ან ტრიბუნას უთმობ, ისინი ანტისახელისუფლებო გზავნილებს გაავრცელებენ, ეს ამას ემსახურება.

“ამით, ჩემი აზრით, ოპოზიციას შეეზღუდება ერთ-ერთი რესურსი, რომელსაც ადრე აქტიურად იყენებდნენ. წარმოიდგინეთ, ოპოზიციურ პარტიებს არ უწევდათ შეხვედრებისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან, ანუ საკუთარი პარტიული სალაროდან ფულის დახარჯვა და ამ ყველაფერს მათ თავიდან ბოლომდე უფინანსებდნენ უცხოური დონორები. რომელი ოპოზიციური პარტია იტყოდა უარს ასეთ საჩუქარზე?”- განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება იმოქმედოს ამ პროცესის შეზღუდვამ პარტიების რეიტინგზე წინასაარჩევნოდ, ანჯაფარიძემ გვითხრა:

“რეიტინგი, ეს ისეთი რამაა, რომ მას ასე პირდაპირ შეხვედრების სიხშირე არ განსაზღვრავს. რეიტინგი იმით განისაზღვრება, თუ ამომრჩეველი კონკრეტულ პარტებს და მის ლიდერებს რამდენად ენდობა და რამდენად ახლობელი და მისაღებია პარტიის პროგრამული მესიჯები, რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა პარტიების ლიდერების ბიოგრაფიას, მათ სოციალურ კაპიტალს და ა.შ.

ჩვენი კულტურული და მენტალური თავისებურებიდან გამომდინარე, ძალიან პერსონალიზებულია პოლიტიკური არჩევანი ჩვენს ელექტორატში. ასე, რომ ამ შეხვედრებმა არ მგონია რეიტინგზე დიდი ზეგავლენა მოახდოინონ, 2-3 შეხვედრით ნაკლებს ჩაატარებენ თუ მეტს, არ მგონია ამით რეიტინგს რამე მოემატოს, ან მოაკლდეს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსთან”.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის დაუშვებელია შემოწირულების მიღება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან და საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა. მოქმედი კანონი ამბობს იმასაც, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება, რომელთა მიზანი პარტიების ინსტიტუციური განვითარებაა, რაც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას არ უკავშირდება.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით აღნიშნული ჩანაწერი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონიდან ამოდის.