ლევან მაჭავარიანი – ახალი კანონის მიღების შემდეგ დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, კონკრეტული გრანტის „ენჯეოსთვის“ გაცემამდე, ჯერ მთავრობას დაუსაბუთოს, რისთვისაა ეს გრანტი

„გრანტების შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, რაიმე კონკრეტული გრანტის „ენჯეოსთვის“ გაცემამდე, ჯერ მთავრობას აუხსნას და დაუსაბუთოს, რისთვისაა გამოყოფილი ეს გრანტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ჩანს, თუ როგორ აქტიურად არიან ჩარეული „მდიდარი ენჯეოები“ პოლიტიკური პროცესების წარმართვაში, რევოლუციების დაგეგმვაში და ა.შ.

„ჩვენ ვაკვირდებით ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ აქტიურად არიან ჩარეული ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ პოლიტიკური პროცესების წარმართვაში, რევოლუციების დაგეგმვაში და ა.შ. რამხელა სკანდალი ატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებში „იუესეიდის“ და „ნედის“ გარშემო, ყველამ ვიხილეთ. პირდაპირ ფაქტებით და მტკიცებულებებით ამხილეს, რომ ისინი კრიმინალური ორგანიზაციები არიან. ანალოგიური სკანდალი ახლა ევროკავშირშია, სადაც მაგალითად, დადასტურდა ის, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით ცხრა მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული „ენჯეოებიდან“ უნდა დაფინანსებულიყო, იქ ფაქტობრივად, თავად ამხილეს და საბოლოო ჯამში, ევროკომისიამაც აღიარა, რომ ეს ფული მიზნობრივად არ დახარჯულა, იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და ამ თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და ა.შ. ახლა ახალი სკანდალიც წამოეწია, როდესაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ ამხილა კიდევ ახალ სკანდალში, სადაც პირდაპირ ხაზგასმულია, რომ 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, შვიდ მილიარდზეა საუბარი, რომელიც „ენჯეოებზე“ გაიცა სხვადასხვა მიმართულებებით. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა და ფიზიკურად ვერ აგნებენ, საიდან სად ჩაირიცხა, სად გადაირიცხა და რას მოხმარდა. მსოფლიოში ასეთი გამოწვევები როდესაც არის, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ. დავაინიცირეთ ახალი კანონპროექტი, რისი მიღების შემდეგაც, დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, რაიმე კონკრეტული გრანტის „ენჯეოსთვის“ გაცემამდე ჯერ მთავრობას აუხსნას და დაუსაბუთოს, თუ ეს გრანტი რისთვისაა გამოყოფილი. მთავრობა თუ დარწმუნდება იმაში, რომ ეს გრანტი კეთილ საქმეს ხმარდება, თავის ვიზირებას დაადებს, ხოლო თუ ვერ დაადასტურა დონორმა ორგანიზაციამ, რომ რაიმე სიკეთეს უნდა მოხმარდეს და უნდა მოხმარდეს ან რევოლუციის მოწყობას, ან ჩვენი იდენტობისთვის საწინააღმდეგო ქმედებების პროპაგანდას, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდას, ან ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ სამუშაოებს, მთავრობა დონორ ორგანიზაციას უარს ეტყვის. ეს გრანტი თუ მაინც გაიცემა, გრანტის მიმღები ვიზირების გარეშე გაცემულ გრანტზე დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.