თინა ბოკუჩავა – რეზოლუცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ასამბლეაში ივანიშვილის წარმომადგენლების დასაბრუნებლად ორ ფუნდამენტურ პირობას კვლავ დააყენებს

რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, დიდი ალბათობით კვლავ დააყენებს ორ ფუნდამენტურ პირობას – ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, როგორც ორი პირობა, რომლის შესრულების გარეშეც ვერ დაბრუნდება ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი დღეს განიხილავს იმ რეზოლუციის სამუშაო ვერსიას, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე 10 აპრილს მიიღებს.

„დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს იმ რეზოლუციის სამუშაო ვერსიას, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე მიიღებს ხუთშაბათს. მონიტორინგის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელსაც გუშინ ვესწრებოდით დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს მიიღებს უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, კვლავ დააყენებს იმ ორ ფუნდამენტურ პირობას, რომელიც ვიხილეთ იანვრის რეზოლუციაში, ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, როგორც ორი პირობა, რომლის შესრულების გარეშეც ვერ დაბრუნდება ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, წულუკიანის იანვრის მცდელობის მიუხედავად, რომ ეს პირობები არ ყოფილიყო დაყენებული და რომ სწორედ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ გამოვიდეს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.