ცვლილებების პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება

პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მასთან ერთად, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ახალი რეგლამენტით კი, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე მხოლოდ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაზე კი არ ისაუბრებს.

პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და გაუმართლებელია, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის ანგარიშში პარლამენტის საქმიანობის გეგმა დასახოს.

ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ახალი ვალდებულება დგინდება. კერძოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს, წერილობითი ფორმით, კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს დაადგენს.