ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ 2022 წელს, გერმანიაში, ომის საკითხებთან დაკავშირებით საიდუმლო შტაბი შეიქმნა, სადაც უკრაინის სარდლობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ 2022 წელს გერმანიაში, ვისბადენში შეიქმნა საიდუმლო შტაბი, სადაც უკრაინის სარდლობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს.

ვალერი ზალუჟნი

„შტაბი ნამდვილად იქცა ჩვენს საიდუმლო იარაღად ოპერაციების დაგეგმვისა და მათი განხორციელების საჭიროებების ჩამოყალიბებაში“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი.

მისი ინფორმაციით, შტაბი შეიქმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების კოორდინაციის ცენტრის ბაზაზე, რომელიც თავდაპირველად შტუტგარტში, აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბ-ბინაში იყო განთავსებული.

ზალუჟნის განმარტებით, უკრაინამ პარტნიორებთან ერთად გააცნობიერა, რომ საჭირო იყო ოპერატიული შტაბის შექმნა, რომელიც შეაფასებდა იარაღისა და აღჭურვილობის საჭიროებებს, ამიტომ, ლოჯისტიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნა შტაბი, რომელსაც უნდა გაეანალიზებინა უკრაინის არმიის დაგეგმილი ოპერაციები და ჩამოეყალიბებინა მათთვის საჭიროებები.

„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა გამოთქვეს ეჭვი უკრაინის ფრონტისთვის გარკვეული ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიზანშეწონილობის შესახებ“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ვისბადენის შტაბმა დაგეგმა ოპერაციები, ჩაატარა საომარი თამაშები, ჩამოაყალიბა საჭიროებები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და გადაეცა ისინი შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს.

ზალუჟნის განმარტებით, შტაბის მუშაობა იყო უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობის საიმედო და ეფექტური მექანიზმი.

ცნობისთვის, საიდუმლო შტაბის მოქმედების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა New York Times-მა გაავრცელა.