ევროპა შიშობს, რომ აშშ ჯარებს გაფრთხილების გარეშე გაიყვანს აღმოსავლეთ ევროპიდან – Bloomberg

ევროპელი ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოულოდნელად გაიყვანოს თავისი ჯარები კონტინენტიდან, – იუწყება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

ამერიკელი სამხედროები ევროპაში

როგორც გამოცემა წერს, ევროპელები შიშობენ, რომ წინასწარ არ გააფრთხილებენ და მედიისგან შეიტყობენ, რომ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გაყვანილია კონტინენტიდან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპელი ოფიციალური პირები უკვე შეეგუენ იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, ევროპიდან ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გაიყვანს. თუმცა, მათ სურთ შეამსუბუქონ ასეთი ცვლილებების ყველაზე ცუდი შედეგები.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ამერიკული ჯარების გაყვანამ შეიძლება შეარყიოს ნატოს მოკავშირეების ინტენსიური მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას დაუცველი ქვეყნების წინააღმდეგ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება შეამციროს თავისი სამხედრო ყოფნა კონტინენტზე გაფრთხილების გარეშე.

„ევროპელი ლიდერები ელოდნენ, რომ აშშ მათ ამ ნაბიჯის შესახებ აცნობებდა, მაგალითად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის გამოსვლისას მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“- განუცხადეს წყაროებმა ჟურნალისტებს.

„გარდა ამისა, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ალიანსის შტაბ-ბინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან შეხვედრისას ცდილობდნენ დაერწმუნებინათ იგი, რომ ისინი იწყებდნენ უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავდაცვაზე“, – დასძინა სააგენტომ.

როგორც მედია წერს, ისინი, ასევე, დაჰპირდნენ სამხედრო ხარჯების გაზრდას, რაც ტრამპის დიდი ხნის მოთხოვნა იყო. სანაცვლოდ, ევროპას სურდა ამერიკელი პარტნიორებისგან მიეღო ვალდებულება, წინასწარ ეცნობებინა ჯარის გაყვანის შესახებ.

წყაროების თანახმად, ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედროები ევროპაში დარჩენით „პოლიტიკურ სიძლიერეს დემონსტრირებენ“.

სააგენტო პროგნოზირებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ევროპიდან დაახლოებით 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიყვანოს. ეს არის იმ ჯარების რაოდენობა, რომელიც კონტინენტზე გაგზავნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.