იყო თუ არა კურთხევა პატრიარქისგან – პაატა ბურჭულაძის გეგმას საპატრიარქომ საგანგებო განცხადებით უპასუხა

ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთ სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მორიგი აქციისთვის ემზადებიან. ამჯერად ორგანიზატორთა შორის ოფიციალურად არ იქნებიან ოპოზიციური პარტიები. ამავე პერიოდში პარლამენტის წინ სასულიერო პირები ჩაატარებენ პარაკლისს 9 აპრილს დაღუპულთა სულებისათვის და ქაშუეთის ეკლესიაში კი ზარები დაირეკება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს მათსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმების საფუძელზე ხდება, თუმცა, საპატრიარქო ამას არ ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ წინა მსგავსმა აქციამ, რომლის ორგანიზატორებიც მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები იყვნენ, გარკვეული იმდეგაცრუება გამოიწვია. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილით უკმაყოფილო იყო. მან 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 34-ე წლისთავზე დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე სპეციალურად გამართული სცენიდან მიმართა შეკრებილებს. ზურაბიშვილს ვრცელი სიტყვა ჰქონდა, მაგრამ ოპოზიციონერებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ახალი არაფერი უთქვამს.

9 აპრილს საზოგადოების შეკრება სწორედ ამ აქციის შემდეგ დაიგეგმა და მთავარი ინიციატორი ამჯერად ცნობილი საოპერო ბანი და „ოცნების” პოლიტიკური ოპონენტი პაატა ბურჭულაძეა. მისი ინფორმაციით, აქცია 24-საათიანი იქნება და უკვე არსებობს აქციის გეგმის ერთგვარი მინახაზი.

გეგმა

„მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა ის აზრი, რომ ჩვენ აუცილებლად 24-საათიანი აქცია უნდა ჩავატაროთ იქ, 9 აპრილის მემორიალთან და 24 საათი იქ უნდა ვიყოთ.

„8 აპრილს, 22:00-23:00 საათისთვის უნდა შევიკრიბოთ. 00:00 საათზე, როცა დაიწყება 9 აპრილი, მაგ დროისთვის გვექნება მიკროფონი, იქნება სიტყვით გამოსვლები და ასე მივალთ დილის 04:00 საათამდე.

„04:00 საათი არის ის დრო, როდესაც როდიონოვის ჯარი შემოიჭრა და ჩახოცა ჩვენი თანამემამულენი, ამ დროს, ზუსტად 04:00 საათზე დარეკავს ქაშვეთის ზარები – კარგი ის მაქვს, რომ საპატრიარქო არის ჩვენთან ერთად, უწმინდესმა მოგვცა კურთხევა. ზარებს მოჰყვება ის, რომ სასულიერო პირი ჩაატარებს პანაშვიდს გარდაცვლილი სულებისთვის. ჩვენ ყველანი ვიგალობებთ, მამაო ჩვენოს ვიტყვით ერთად და ვიგალობებთ პატრიარქის საგალობლებს. ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი მგალობლები შემოგვიერთდით დილის 04:00 საათზე და დღის 12:00 საათზე.

„ეს არის მონახაზი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღების ცენტრში გვეყოლება სინდისის პატიმრების მშობლები, რომლებიც გამოვლენ და წაიკითხავენ წერილებს, თუ რა მოგვწერეს ჩვენმა ბიჭებმა ციხიდან.

„რაც მთავარია, დილის 04:00 საათზე და 12:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი. ფიცი უკვე დაწერილია, ჩვენ უკვე ვიცით შინაარსი. ის ერთობლივად დაიწერა, მაგრამ თავში ედგა რატი ამაღლობელი. ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ. პირობას ვდებთ, რომ ჩვენ საქართველოს მომავალს არ ვუღალატებთ, არ ვუღალატებთ სინდისის პატიმრების მშობლებს, ნათესავებს, დებს და ძმებს, არ დავუმატებთ ჩვენს ქვეყანას.

„ახლა ჩვენ ფინალურ ბრძოლაში ვართ, მე მგონი, რუბიკონი გადალახული გვაქვს, ოცნების საქმე დაბლა ეშვება, ჩვენ წინ მივდივართ, ახლა საჭიროა შემართება. ამ ფიცით ჩვენ კიდევ შემოგვემატება ხალხი.

„ფიცის დადება იქნება ორჯერ. ორჯერ რატომ? 04:00 საათზე ფიცის დადების შემდეგ ჩვენ გვაქვს პაუზა, მაინც ღამენათევებმა უნდა გავძლოთ და მე იმედი მაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება დილით და 12:30 საათზე, როდესაც ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, იქაც საქართველოს ჰიმნი და ფიცის დადება იქნება”, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.

საპატრიარქოს პასუხი

ამ გეგმას საპატრიარქომ საგანგებო განცხადებით უპასუხა. მასში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძე თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას აანონსებს და „როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება”. თუმცა, „ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული”.

„ა.წ. 6 აპრილს, ბ-მა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება;

„მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში; ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რა პერსპექტივა აქვს აქციების გაგრძელებას

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საპროტესტო აქციები გამოფიტვისკენ მიდის, რადგან რეალური სტრატეგია და მიზანი არ არსებობს.

„აქციებს თავისი დინამიკა არ აქვს. აქციის მონაწილეები კი ელიან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, მაგრამ თვითონ ამის მაყურებელი ვერ ამბობს ეს აქციები რაიმესკენ მიდის თუ არა. თუ კი ვხედავთ, რომ ადამიანი სახლს აშენებს, გვექმნება განცდა, რომ ეს სახლი როცა აშენდება, ადამიანი შენებას შეწყვეტს. ესე იგი, მიზანი როცა მიღწეულია, პროცესი წყდება. ამ აქციებში კი მიზანი არ ჩანს. რაღაცას რომ ითხოვენ, ამას მიზანი არ ჰქვია. მაშინ რაღა დამატებით არჩევნებს ითხოვ? ნებისმიერი სხვა რაღაც მოითხოვე, მაგალითად ის, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან რეალურად არჩევნების ხელახლა დანიშვნაში ხომ ეგ იგულისხმება?

„ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ იციან, იდიოტური მოთხოვნაა. ადამიანს რომ მოსთხოვო ბინა დაცალეო, თუ სხვა მიზეზი არ არის, წავა? რა თქმა უნდა, არა. როცა უნდათ, რომ ადამიანს რაღაც აიძულონ, თოფს მიუშვერენ და ისე ეცდებიან იძულებას. ამ პროცესს რა აქვს იძულების მატარებელი? აქცია, რომელიც ღამის 10 საათზე იწყება, იძულების მომენტს ხომ არ შეიცავს? ღამის ორ საათზე რუსთაველი გადაიკეტება, მეტი არაფერი იქნება.

„რეალურად ორივე მხარე, ანუ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ნერვებზე თამაშობენ. მოლოდინი, რომ ხელისუფლებას უმტყუნებს ნერვები, არასწორია, რადგან ის კომფორტულ მდგომარეობაშია იმათთან შედარებით, ვინც ქუჩაში დგას. მოწოდებები უცხოეთიდან, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, დიდს არაფერს ცვლის, რადგან ხელისუფლებამ იმუნიტეტი გამოიმუშავა. ლამის ორი წელიწადია, რაც დასავლეთის წრეები ამ ხელისუფლებას ებრძვის და „ოცნებამ” ნახა, რომ მათი ბრძოლა უშედეგოა. ამიტომ არ ეშინიათ მათი და ანგარიშსაც აღარ უწევენ.

„ასე რომ, დასავლეთი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი, დაიკარგა. ამიტომ მე არ მგონია ამ „შეჯიბრში”, თუ ვის უმტყუნებს ნერვები, გამარჯვების პერსპექტივა ოპოზიციას ჰქონდეს. ხელისუფლება ძირითადად იმაზე მუშაობს, რომ ოპოზიციიის ეს ჯგუფები დაიღალონ, გამოიფიტონ, ხალხის მხადაჭერა დაკარგონ და ა.შ.

„თავისთავად ეს აქცია ლოგიკური კი არა, გამოფიფიტვის დასასრულისკენ მიდის. დიახ, ხელისუფლებას მიჰყავს ამისკენ და ესენიც მიჰყვებიან. ის, რომ არანაირი სტრატეგიული გეგმა, ნაბიჯები, სიახლე არ გაჩნდა, ესეც სწორედ ამაზე მიუთითებს. 12 წლის განმავლობაში ახალი არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ პარლამენტის წინ დგებიან, როდემდე შეიძლება ეს? ასეთი სტილის ბრძოლა, ვინც ხელისუფლებით უკმაყოფილოა, მათთვისაც გაუგებარი და მიუღებელი იქნება. ესენი რომ პარლამენტში შესულიყვნენ და ებრძოლათ საპარლამენტო ტრიბუნასთან, ეს უკვე იქნებოდა ის სიახლე, რომელიც მოსახლეობის უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, აზრიანად ებრძოლათ.

„ამ აქციებს ახალგაზრდები მხარს იმიტომ უჭერენ, რომ მათთვის საინტერესო და ემოციის მომცემი სიტუაციაა. ხელისუფლებასთან ბრძოლა, იქ შეძახილები, ესე იგი ახალგაზრდული ცხოვრებით ცხოვრობს ღამის ქალაქი, ემოციით სავსე, ოღონდ ახალგაზრდული”, – აღნიშნა საყვარელიძემ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაიზრდება საპროტესტო მუხტიც.

„ამდენ ხანს გრძელდება და მგონი ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ გამორიცხული არაა „ქართულმა ოცნებამ” მოულოდნელად ადგილობრივ არჩევნებს საპარლამენტო დაამთხიოს. ამიტომ, რაც არჩევნები მოახლოვდება, ტემპერატურა აიწევს. თუ ამდენ ხანს მოვიდა ეს საპროტესტო აქციები და საზოგადოება ჩართულია, მომავალში გაიზრდება.

„არჩევნებამდე მე შემცირებას არ ველოდები. მერე, არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება „ოცნების” ხედვა შეიცვვალოს. ახლა მაქსიმალურად ცდილობენ აქციები არ დაარბიონ. ეს იმიტომ კი არა, რომ გაკეთილშილდნენ, უფრო მეტად გარეწრები არიან, უბრალოდ მიხვდნენ, რომ რაც უფრო მეტად არბევენ, უფრო მეტი ხალხი გამოდის. ამიტომ არჩევნებამდე ასე მივლენ, იქამდე კი შეეცდებიან ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიღოს და გაყალბების გარეშე გაიმარჯვონ. შემდეგ კი შეიძლება მოიპოვონ დასავლეთის სიმპათია, რომ არჩევნები გაყალბების გარეშე ჩაატარეს”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რა ფაქტორები მოქმედებს საპროტესტო განწყობაზე

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, პროცესზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ლიდერის არყოლა.

„ალბათ ამაზე ყველა ფაქტორი ერთად ახდენს გავლენას. ისიც, რომ ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს და ვინმე სიმბოლური ფიგურა არ იკვეთება. დიდ სოციალურ პროცესებს ლიდერი ნამდვილად სჭირდება. ის ბავშვები, რომლებიც მიკროფონებში იძახიან – „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, ასეთი ლიდერის ფუნქციას ვერ იღებენ. მათ შეიძლება დიდი ენერგია დახარჯონ პოლიტიკური შოუს შექმნაში, რაც საჭიროც არის, თუმცა ლიდერობისთვის საკმარისი არაა. სერიოზული პოლიტიკური ლიდერობა კიდევ სხვა საკითხია”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით კი, პროცესს საზოგადოების განწყობა და დასავლეთის ფაქტორი აძლიერებს.

„ამის ფაქტორი არის საზოგადოების განწყობა. ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოდიან, გრძნობენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის იმედების რეალიზაციას ახდენენ. შეიძლება ყველა ვერ გამოდის, მაგრამ კრიტიკურ სიტუაციებში ბევრი გამოდის, რადგან იციან, ქუჩაში მათ ის ადამიენებ ელოდებიან, რომლებიც ყოველდღე ქუჩაში დგანან.

„მეორე ფაქტორი დასავლეთის ჩართულობაა. ევროპის საბჭოში იქნება მოსმენები ხვალ-ზეგ, რომელიც აქციის მონაწილეების მოლოდინებს აძლიერებს. ამიტომ დასავლეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.