ტრამპის ქონება მის მიერვე დაწესებული ტარიფების გამო 500 მლნ დოლარით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება მის მიერვე დაწესებული საბაჟო ტარიფების შედეგად 500 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Forbes იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გამოცემის შეფასებით, ტრამპის ქონება 4,7 მლრდ აშშ დოლარიდან 4,2 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რადგანაც მის საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციები გაუფასურდა.

ყველაზე მეტად ტრამპის კომპანია Trump Media and Technology Group დაზარალდა, რომლის საბაზრო ფასი 8%-ით შემცირდა. ამ კომპანიაში ტრამპის წილი ახლა 2,2 მლრდ აშშ დოლარის ნაცვლად, 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის კომერციული უძრავი ქონების ფასი ბოლო 3 დღეში 660 მილიონიდან 570 მილიონამდე შემცირდა. ასევე ტრამპმა დაკარგა ფული კრიპტოვალუტების გაუფასურების გამო, სადაც ის შემოსავლის ნაწილს ინახავს. Forbes-ის შეფასებით, საუბარია დაახლოებით 240 მლნ აშშ დოლარზე.

ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების უდიდესი ნაწილის მიმართ გაზრდილი საბაჟო გადასახადების დაწესების შესახებ განაცხადა. ტრამპმა ეს ნაბიჯი აშშ-ში საწარმოების დაბრუნების და ეკონომიკის აღმავლობის სურვილით ახსნა.