ცვლილება “გრანტების შესახებ კანონში” – როგორ ეხმაურებიან ხელისუფლების ინიციატივას NGO-ები და ვისზე არ გავრცელდება შეზღუდვა

მმართველი პარტიის ინიციატივამ “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი უნდა დაარეგულიროს. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ გრანტი უსასყიდლოდ გაცემული სახსრებია და ხშირ შემთხვევაში ფულადი რესურსის ჩარიცხვას დონორის ინტერესები მოჰყვება, ამიტომ სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია თანხის გაცემამდე დონორს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს თანხმობა ჰქონდეს.

“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ადრესატებისთვის არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელებაა. მესამე სექტორი დაუმორჩილებლობას აცხადებს და ამბობენ, რომ არ აპირებენ კანონის მოთხოვნა შეასრულონ.

მესამე სექტორის ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის ლუსტრაციაა. მამუკა მდინარაძე “ენჯეოების” ერთობლივ ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დაწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები უტყუარი ტესტია, რომ ის, რაც ამ ხალხისთვის ცუდია, კარგია საქართველოსთვის.

“გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციაშიც.

მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება პასუხისმგებლობის დაკისრებასაც გულისხმობს. თუ სუბიექტი კანონს არ დაემორჩილება გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მანკიერი პრაქტიკა შესაცვლელია და დონორებს მოუწევთ გრანტის გაცემამდე მთავრობის თანხმობა მიიღონ.

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივა გამონაკლისსაც ითვალისწინებს. შეზღუდვებია არ შეეხებათ სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და კომიტეტებს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს.