დაპირისპირების პიკი – ვაშინგტონი ვაბანკზე მიდის და პეკინის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე ზრდის

ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს – აშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა 8 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ორ სახელწმიფოს შორის დაძაბულობა ზენიტშია, თუმცა, მალე განიმუხტება.

„ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება ორ ზესახელმწიფოს შორის მართლაც რომ პიკია ეკონომიკურ ომში. ის 104%, რაც ვაშინგტონმა დააწესა, პეკინმაც ანალოგიურად უპასუხა ტარიფების შემდგომი, დიდი, ნახტომისებური გაზრდით. და როგორც ხდება, ეს ომი – ეკონომიკური იქნება, ცხელი თუ ცივი ომი – რაღაც კულმინაციამდე ადის დაძაბულობა და შემდეგ ხდება განმუხტვა.

აბაშიძე ამბობს, რომ აშშ-სა და ჩინეთს ბევრი საერთო პროექტი აქვს, ვარაუდობს, რომ მალე პროცესში გამოცდილი დიპლომატები ჩაერევიან, რადგან კონკურენცია კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ დაპირისპირებულ სახელმწიფოებს აქვთ უდიდესი გლობალური ეკონომიკური ინტერესები, ასევე, აქვთ ურთიერთსასარგებლო პროექტები – არამხოლოდ ეკონომიკაში – ასეთი მწვავე კონფლიქტი ამ სფეროებსაც, რასაკვირველია, დააზიანებს, ასევე ქვეყნებს და მათ მოსახლეობას. ასე რომ, ვფიქრობ, აქ უკვე წინა პლანზე წამოიწევიან გამოცდილი მომლაპარაკებლები და დიპლომატები, რომლებმაც უნდა შეამცირონ ეს დაპირისპირება და გადავიდნენ უფრო კონსტრუქციულ კონკურენციაში.

ამის პოტენციალი, რასაკვირველია, პეკინსაც აქვს და ვაშინგტონსაც. მათ საერთო ინტერესები აქვთ სამხედრო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, და მათი გამწვავებული ურთიერთქმედება არანაირად არ შედის მათ გრძელვადიან ინტერესებში.”-განაცხადა აბაშიძემ

00:01 საათზე ოფიციალურმა ვაშინგტონმა ტარიფები გააქტიურა

აშშ-ის პრეზიდენტმა 7 აპრილს განაცხადა, რომ თუ ჩინეთი, რომელსაც 2 აპრილს 34%-იანი ტარიფები დაუწესა, საპასუხო ზომების მიღებაზე უარს არ იტყოდა, დამატებით 50%-ით დაბეგრავდა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ არ აპირებენ შეეგუონ შეერთებული შტატების მხრიდან მზარდ ზეწოლასა და შანტაჟს, წინააღმდეგობას კი ბოლომდე გაუწევენ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოფიციალური პეკინი კონტრზომებს მიმართავს თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და საერთაშორისო ვაჭრობაში წესრიგის შესანარჩუნებლად.

ცნობისთვის, ტრამპის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ შემოღებული სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება – 54%-დან 104%-მდე – და ის აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ჩინეთს თავდაპირველად 2025 წლის თებერვალში დაუწესა 10%-იანი ტარიფი, რომელიც მარტში 20%-მდე გაზარდა.

საინტერესო იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარიც, რომელიც მან ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით თქვა, რომ მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას სთხოვენ:

„ვფიქრობ, მსოფლიოსთან ომი სულაც არ არის ომი, რადგან ყველა აქ მოდის. იაპონია აქ მოდის. ბევრი მათგანი თვითმფრინავშია. მკაცრი მომლაპარაკებლები არიან,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმების გასაფორმებლად ყველაფრისთვის მზად არიან:

„გეუბნებით, რომ ეს ქვეყნები გვირეკავენ, უკანალზე მკოცნიან. შეთანხმების მიღწევის სურვილით კვდებიან. ბატონო, გთხოვთ, გთხოვთ, შეთანხმება გავაფორმოთ. ბატონო, ყველაფერს გავაკეთებ,” – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საყურადღებოა აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადება:

„ჩინეთის ნაბიჯი – დაწესდეს 84%-იანი საპასუხო ტარიფები – პეკინისთვის უკვე მარცხის ტოლია,” – თქვა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

„ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ჩინელებს რეალურად არ სურთ მოსვლა და მოლაპარაკება, რადგან ისინი არიან ყველაზე მეტად დამნაშავეები საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში,” – განუცხადა მან Fox Business Network-ს.

შეძლებს ორი ზესახელმწიფო საერთო ენის გამონახვას?

გია აბაშიძე ხაზგასმით ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოცდილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია, ამიტომ ის მოახერხებს ჩინეთის პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვას.

„შეიძლება ეს ხანმოკლე ვადაში ერთგვარად „ორთქლის გამოშვება” იყოს, თუმცა, როცა დაითვლიან, კალკულაციას მოახდენენ – რა დაზიანდება, რა შეიცვლება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში – ორივე მხარეს მოუწევს დათმობა.

ცხადია, მათ შუამავალი არ დასჭირდებათ მათი მასშტაბური პოზიციონერობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე. ამიტომ ტრამპი, როგორც ხისტი და მტაცებელი ბიზნესმენი პოლიტიკოსი, შესაძლოა, საერთო ენის გამონახვას შეძლებს სი ძინ პინთან. და ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტრამპის პირველი ვადის დროსაც იყო ასეთი დაპირისპირება, თუმცა შემდეგ ტემპერატურამ დაიწია.”

კითხვაზე, თუ რა მოხდება დაპირისპირების ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში, აბაშიძე გვპასუხობს, რომ ეს მთელ მსოფლიოზე აისახება:

„თუ ეს დაპირისპირება კიდევ გაგრძელდა – აშშ-სა და ჩინეთს, აშშ-სა და ევროპას შორის – ეს აისახება ნებისმიერი მოქალაქის ჯიბეზე და საერთო ფასებზე, რადგან მოგეხსენებათ, ამერიკული, ევროპული და ჩინური ნაწარმი, რა თქმა უნდა, დომინირებს მთელ მსოფლიოში.

გასაგებია ტრამპის პოზიციონირება, რომ მას პროტექციონიზმი ამოძრავებს და სურს, რომ ამერიკული პროდუქცია უფრო იაფი და პრიორიტეტული იყოს.

თუმცა, გლობალურ ეკონომიკაში, როცა ყველაფერი გადაჯაჭვულია, ამის გაკეთება შეუძლებელია. შეიძლება ჩინეთთან დაპირისპირება უფრო ხანმოკლე იყოს, ვიდრე ევროპასთან. ევროპა უფრო მეტადაა დამოკიდებული ამერიკაზე, განსაკუთრებით სამხედრო-პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და აქ თეთრ სახლს მანევრირების შესაძლებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩინეთთან, რომელიც ამერიკის ტოლფარდი თუ არა, მოწინავეც შეიძლება იყოს გარკვეულ სფეროებში,” – განაცხადა აბაშიძემ.