სტამბოლში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა, ამერიკელმა დიპლომატებმა რუსეთის გენერალური საკონსულო დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდა, სადილზე შესვენების ჩათვლით. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.
მოლაპარაკებებზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი წარმოადგენდა, ვაშინგტონს – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი. დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლები.
როგორც კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სტამბოლში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით გამართული მოლაპარაკებები მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებასა და ნორმალიზაციას ეხებოდა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დაუყენებიათ.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ან უკრაინის საკითხი. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას ეხება.