დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქვეყნების უმეტესობისთვის დაწესებული ახალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა

დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქვეყნების უმეტესობისთვის დაწესებული ახალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით შეაჩერა. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დროის განმავლობაში, თითქმის ყველასთვის 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. თუმცა, ეს არ ეხება ჩინეთს – უფრო მეტიც, პეკინისთვის გამოცხადებული 104%-იანი ტარიფი დაიზარდა და 125%-ით შეიცვალა.

 ტრამპი

ტრამპის ახალი გადაწყვეტილება, მისივე განცხადებით, უკვე ძალაშია. დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, 90 დღის განმავლობაში, ზუსტად რომელი ქვეყნებისთვის იმოქმედებს შემცირებული ტარიფები. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რომლებიც “არანაირი ფორმით არ გამოდიან შეერთებული შტატების წინააღმდეგ”. ტრამპის გადაწყვეტილებას ამერიკულ ბირჟებზე უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. სამუშაო დღის დასასრულს, საშუალოდ, ინდექსებმა 7-დან 12%-მდე მოიმატეს, ინფორმაციას CNN ავრცელებს.