საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მსჯელობას აფასებს. მისი განცხადებით, ევრო ბიუროკრატია საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას უჭერს მხარს.
„[საქართველოს] დელეგაციის უფლებამოსილების არცნობა არის კიდევ ერთი მექანიზმი, რომელიც ჰგონიათ, რომ გამოადგებათ იმაში, რომ შეკრებენ უკმაყოფილო ადამიანებს, ვიღაცას დააფინანსებენ, ვიღაცას გონებას აურევენ და ეს კიდევ გახდება ახალი იმპულსი იმ მოძრაობებისათვის, რაც სამწუხაროდ, სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ. ეს ადამიანები არიან დღეს გაერთიანებული და ამ გაერთიანებას აქტიურად უჭერს მხარს ევრო ბიუროკრატია, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის უსამართლობის გამო ჩვენმა დელეგაციამ გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა თავისი საქმიანობა ამ სტრუქტურაში. ასე რომ, ამ საკითხის ახალი წამოწევა ემსახურება ამ ბოროტ გეგმას, რასაც ჰქვია საქართველოში რევოლუციური პროცესის განვითარება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.