რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინულ მხარეზე ბრძოლის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

გიორგი გოგლიძე

როგორც რუსული მედია წერს, გოგლიძე დამნაშავედ ცნეს „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის.” ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძისთვის სასჯელის გამოსატანად. იგი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით“, – აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომისიაში.