დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომაა.
კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას მოუწოდებს, სხდომაზე გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომისია პროკურატურას მიმართავს.
„დღეს სხდომაზე დაბარებულია ბატონი ნიკა მელია და მე მას მოვუწოდებ, მობრძანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც მივიღეთ გიორგი ვაშაძის შემთხვევაში“, — განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზემოაღნიშნულმა კომისიამ პროკურატურას უკვე მიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის შემთხვევაში.