სანქციებით გაჩაღებული ომი – “დრო ძალიან ცოტა დარჩა”

დიდი ბრიტანეთის მიერ 10 აპრილს „ოცნების” ხელისუფლების კიდევ 4 მაღალჩინოსნის დაასანქცირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გარე ძალები სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევასა და შანტაჟს განაგრძობენ და ხაზგასმით ამბობენ, ბოლომდე დაიცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს, ოპოზიციაში კი სანქციების დაწესებაში ლეგიტიმურ საფუძველს ხედავენ და თანამდებობის პირებს მკაფიოდ მოუწოდებენ, „სანამ დროა თავი გადაირჩინონ”.

სანქცირებულთა შორისაა შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე), მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის „ხარებას” მოადგილე), კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი), გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი).

დაწესებული სანქციები გულისხმობს ფინასნურ და სამოგზაურო შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ამ პირებმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები დაუშვეს და ისინი სათანადოდ არ გამოიძიეს.

ცნობისთვის, ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს გენპროკურორს ფინანსური სანქციები დაუწესა. მანამდე, 2024 წლის დეკემბერში კი თანამდებობის ხუთ პირი დაასანქცირა.

„ოცნების” წევრები ბრიტანულ სანქციებს „უარგუმენტოს” უწოდებენ და ამბობენ, რომ არავის მისცემენ იმის საშუალებას, საქართველოზე იბატონონ.

„გრძელდება შანტაჟი და მუქარები”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძემ. „

– ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთის მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად – ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებულნი. თუმცა, ვიდრე „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს.”

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა კიდევ 4 ადამიანი დაასანქცირა, „ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს”.

ოპოზიციის პრიზმით დანახული სანქციები

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთმა მკაფიო სამართლებრივი განაცხადი გააკეთა, რადგან დასანქცირებულთა შორის არიან არა პოლიტიკურად აქტიური, არამედ უმოქმედო პირები.

„რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული ოთხი ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან? იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, როდესაც მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და კანონი მათ მოქმედებას ავალდებულებდა.” მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად – არაფერი დამიშავებია აღარ მუშაობს”, – წერს „ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.

„ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, გაეცალონ „ოცნებას”, „სანამ დროა”: „როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?! დაფიქრდით და გაეცალეთ, სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება! დრო ძალიან ცოტა დარჩა!”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენმდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს: „როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, ადამიანების წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში სისტემურად მონაწილეობ, დასავლურ სამყაროში ეს ხდება ლეგიტიმური მიზეზი იმისა, რომ დასანქცირდნენ.”

რა წერია განცხადებაში

გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალური განცხადებიდან ამონარიდს, უცვლელად:

„გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ. სანქციები, მათ შორის, დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.

გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” ქმედებებით. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

„დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.”-წერს ბრიტანეთი სსაგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი.