ჯეფრი საქსი: ევროპელებმა და ამერიკელებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ჩარევა არანაირი სარგებლის მომტანი არ არის

ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რადგან, მისი შეფასებით, ეს რთული რეგიონია.

„იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, შიდა საქმეები იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან, თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე – მჯერა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს. მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება ნამდვილად არ იყო კარგი“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ამერიკელი პროფესორის თქმით, რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა აშშ-ის მიერ საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება.

„ისტორიულ ჭრილში, გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც აშშ-მა საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნატო შორს უნდა დარჩენილიყო უკრაინიდანაც და ახლა მთელი მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან ჯერ ეს უკიდურესი დაძაბულობა და ახლა ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის“, – აღნიშნა საქსმა.