ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე.
დისკუსიის მოდერატორის კითხვაზე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმატში მონაწილეობაზე უარს გულისხმობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამ ფორმატს უწოდებს 3+2-ს, რადგან საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი, თუმცა მას მაინც ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ.
„ამ ფორმატს ვუწოდებდი 3+2-ს, რადგანაც საქართველო არ არის ფორმატის ნაწილი, მაგრამ მას ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ. საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა. საქართველოს ორი რეგიონი რჩება ოკუპირებულად რუსეთის ფედერაციის მიერ და ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიუღებელი სამხედრო წარმომადგენლობა ამ რეგიონებში, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ-ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. სხვა მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა სხვა მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, კარგი თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითები გვაქვს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ათწლეულების განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო რეგიონისთვისაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და შეიტანოს წვლილი რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი.
„რეგიონში მრავალფეროვნებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს მრავალფეროვნების შესაძლებლობა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი შეიძლება, განსხვავებულები ვართ ბევრი კუთხით, მაგრამ საქმე როდესაც ეხება საგარეო პოლიტიკას, გვიწევს თანამშრომლობა. საქართველო ათწლეულებია მისდევს ევროპულ ინტეგრაციის გზას. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ამან მოგვცა საშუალება, საქართველოს კანონმდებლობაში მეტი ევროპული სტანდარტი შემოგვეტანა და უფრო მეტ თანხვედრაში მოვსულიყავით ევროპის ეკონომიკურ ზონასთან. ეს ასევე არის აქტივი, რომელსაც შეუძლია სარგებლის მოტანა მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეზობლებთან თანამშრომლობისთვის ამ კუთხითაც და შევიტანოთ წვლილი მეტ რეგიონულ თანამშრომლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.