აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში სამედიცინო შემოწმება და კოგნიტიური ტესტი წარმატებით გაიარა.
78 წლის დონალდ ტრამპს კვლევებს ოთხი საათის განმავლობაში უტარებდნენ. სამედიცინო შემოწმების შემდეგ მან განაცხადა, რომ ის მშვენიერ ფორმაშია.
„მე მაქვს კარგი გული, კარგი სული. მინდოდა ბაიდენისგან განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტიური ტესტი გავიარე. ადამიანებს სურთ იცოდნენ, რომ მათ პრეზიდენტს საღად აზროვნება შეუძლია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ტრამპმა და დაამატა, რომ ექიმებმა მას გარკვეული რჩევები მისცეს მის ცხოვრების წესთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერის კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტი შესანიშნავ ფორმაშია და დეტალურ სამედიცინო დასკვნას მისი მკურნალი ექიმი ამზადებს, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.