52 წლის ფლორიდელი ქალი, რომელიც ადამიანის ძვლებს ინტერნეტში ყიდდა და ყიდულობდა, დააკავეს.
კიმბერლი ენ შოპერს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ადამიანის ძვლებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი. შოპერმა ბრალი აღიარა და ის ვოლუსიის ოლქის ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
პოლიციამ 2023 წლის დეკემბერში ცნობა მიიღო ადგილობრივი ბიზნესის შესახებ, რომელიც Facebook Marketplace-ზე ადამიანის ძვლებს ყიდდა. ოფიცრებს გამყიდველის “ფეისბუქის” გვერდის ფოტოებიც გაუგზავნეს, სადაც შემზარავ ნივთებს ყიდდა.
- კიმბერლი ენ შოპერის მაღაზია თავის ვებსაიტზე ადამიანის ნეკნს 35 დოლარად, ხერხემალს 35 დოლარად და თავის ქალის ფრაგმენტს 600 დოლარად ყიდდა.
პოლიციამ ადამიანების ძვლები მტკიცებულებად წარადგინა და სამედიცინო ექსპერტიზაზე შესამოწმებლად გაგზავნა, იტყობინება ადგილობრივი მედია FOX 35 Orlando.
დაკითხვისას, მაღაზიის მფლობელმა ქალმა ოფიცრებს უთხრა, რომ ის წლების მანძილზე ყიდდა ადამიანის ძვლებს და არ იცოდა, რომ ეს ფლორიდის შტატში უკანონო იყო.
“მან დაადასტურა, რომ მაღაზიას ადამიანის ძვლის მრავალი ფრაგმენტი ჰქონდა და ყველა მათგანი კერძო გამყიდველებისგან შეიძინა”, – წერია პოლიციის ოქმში.
ქალმა ისიც დასძინა, რომ ძვლების შეძენის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ჰქონდა, თუმცა იმ მომენტში ვერ მოახერხა მათი პოლიციისთვის მიწოდება. მისივე თქმით, ძვლები საგანმანათლებლო მოდელები იყო.
ბოლო ინფორმაციით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი თავის ქალა და თავის ქალის ფრაგმენტი არქეოლოგიურ აღმოჩენას წარმოადგენს, ზოგი მათგანი 100 წელზე მეტი ხნისაა, ზოგი კი 500 წელზე მეტის.
წყარო: nypost