ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, აშშ-სგან „პეტრიოტის“ 10 ერთეული სისტემა 15 მილიარდ დოლარად შეიძინოს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპელი პარტნიორები მზად არიან ამ გარიგების დასაფინანსებლად. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუშიისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ამ დრომდე არ მიუღია ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე დაპირებული „პეტრიოტის“ ტიპის სისტემები.
„აშშ-ში ამბობენ, რომ დღეს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, თუმცა, ამავდროულად, ისინი ამ სისტემებს მაგალითად, ისრაელზე ყიდიან. არ ვამბობ, რომ ისინი ისრაელს არ სჭირდება, თუმცა თუ პარტნიორები ვართ, ნუთუ არ შეიძლება, გამოინახოს შესაძლებლობა უკრაინის დასაცავად?“, – აცხადებს ზელენსკი.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, დონალდ ტრამპთან საუბრის დროს, მან სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა.
„არსებობს „პეტრიოტის“ სისტემა და ის თქვენ ბევრი გაქვთ, გაქვთ წარმოებაც, არის რამდენიმე საშუალება, როგორ შეიძლება უკრაინის დაცვა. პირველი ნაბიჯი – ერთი სისტემაა, რომელიც 1.5 მილიარდი დოლარი ღირს. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ თუნდაც 10 ერთეული, რომ დავხუროთ ზოგიერთი ქალაქის ცა, ქალაქის ცენტრები, სადაც ხალხის თავმოყრაა. ეს 15 მილიარდია. მზად ვართ, გადავიხადოთ ეს 15 მილიარდი. ვიშოვით ამ თანხას და ყველაფერს გადავიხდით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, მეორე ვარიანტი ამ სისტემისა და მისი რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიაა, რის შესახებაც ზელენსკიმ როგორც მოქმედ, ისე წინა ადმინისტრაციასაც სთხოვა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „პეტრიოტის“ სისტემები განთავსებულია ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ევროპის ისეთ ქვეყნებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს და შესაძლებელია, რომ ამ ქვეყნებმა ეს სისტემები უკრაინას არენდით მისცენ.