გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების გასროლა სამარცხვინოდ დააბრალა ჩვენს პოლიციელებს და აღნიშნა, რომ ეს მათი თვითნებური გადაწყვეტილება იყო – ლევან მაჭავარიანი

ნახევარი საქართველო უყურებდა ბატონ გიორგი გახარიას. მან ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი რეკორდი ერთისა და იმავე ფრაზის გამეორებაში ეკუთვნოდა ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს, რომელმაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დროს, როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობდა, ალბათ 20-30-ჯერ გამოიყენა სიტყვა „იმიტომ”, რადგანაც მას პასუხი არ გააჩნდა. გუშინ ბატონმა გახარიამ ალბათ ათჯერ უფრო ხშირად გამოიყენა ფრაზა „არ მახსოვს”. იგი გამოიყურებოდა ძალიან დაბნეულად და აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ ვერ აუხსნა საზოგადოებას, თუ რატომ დააპირისპირა პოლიცია მოქალაქეებს და რატომ არ იდგა პარლამენტთან რკინის ჯებირები.

„გიორგი გახარიამ ვერ აუხსნა ჩვენს საზოგადოებას, რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და წყლის ჭავლის ნაცვლად რატომ გამოიყენა რეზინის ტყვიები. როდესაც იგი ამდენი ხნის განმავლობაში ყველა განცხადებაში ამბობდა, რომ ყველა ბრძანება მისი გაცემული იყო, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით, გუშინ, სამარცხვინოდ, ეს ყველაფერი დააბრალა ჩვენს პოლიციელებს და თქვა, რომ ეს პოლიციელების თვითნებური გადაწყვეტილება იყო”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მისივე შეფასებით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საინტერესო დეტალები გამოიკვეთა ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებითაც.

„ძალიან საინტერესო იყო მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია. იგი მუდმივად იმეორებდა, რომ იმიტომ გადადგა, რათა ამით დამატებითი პოლარიზაცია არ გამოეწვია საზოგადოებაში და პროცესები არ დაძაბულიყო. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია უმაღლესი სტანდარტით ჩაატარა. თუმცა აქ გამოიკვეთა რაღაც, რაც არც გუნდის წევრებმა ვიცოდით და არც საზოგადოებამ – ბატონ გახარიას მოუწია იმის აღიარება, რომ თურმე გადადგომამდე ორი დღით ადრე იგი შეხვედრია რამდენიმე ელჩს. თავიდან, რა თქმა უნდა, ჩვეულ სტილში ამბობდა, რომ ვერ იხსენებდა, რაზე იყო საუბარი, შემდეგ მოუწია იმის აღნიშვნა, რომ ერთ-ერთი იყო ქალბატონი კელი დეგნანი და საუბარი ბატონი მელიას საკითხის გარშემო იყო. რა ინსტრუქციას მიიღებდა ბატონი გახარია ქალბატონი დეგნანისგან, მოდით, ჩვენს მოქალაქეებს მივანდოთ ამის განსჯა. მე მგონი, არავის არ გაუჭირდება, ვინც ობიექტურად აზროვნებს, მიხვდეს, რომ მისი გადადგომის მიზეზი იყო სწორედ ქალბატონი დეგნანისა და კიდევ სხვა გარე ძალებისგან წამოსული ინსტრუქციები”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.