“გრანტების შესახებ” კანონი კიდევ უფრო იზღუდება – როგორ ჩასწორდება ცვლილებების პროექტი

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტზე ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვით, უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტების გაცემის კონტროლთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილებები და ანტიკორუფციული ბიუროს ბერკეტები კიდევ უფრო გაფართოვდება.

“ოცნების” შეფასებით, ცვლილებების პროექტის ჩასწორება მიმართულია მაქსიმალური პრევენციისთვის, რომ “არაკეთილსინდისიერ ადამიანებს არ დარჩეთ სივრცე, უბედურების დატრიალების მცდელობის”.

უმრავლესობის დეპუტატის არჩილ გორდულაძის თქმით, შესაძლებელია, მთავრობას გრანტზე თანხმობის მისაღებად ერთი მიზნით მიმართონ, მაგრამ რეალობაში მთავრობის თანხმობით გაცემული გრანტი “დესტრუქციას მოხმარდეს” და შეცვლილი მიზნებით დაიხარჯოს, ანტიკორუფციულ ბიუროს კი, ამის კონტროლის და შესაბამისი ზომებისა და პროცედურების განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უცხოური დონორების მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანზიაციებზე გაცემული გრანტების გარკვეული ნაწილი იმ ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, რომლის მიზანი ხელისუფლების პოზიციების შესუსტება იყო, ცვლილებები კი ამის პრევენციისთვისაა.

“ვფიქრობ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ როგორც ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე უცხოელი დონორების მიერ გაცემული გრანტები, ყოველ შემთხვევაში მათი გარკვეული ნაწილი, მართლაც ისეთი ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, რომელთა მიზანი იყო საბოლოოდ ხელისუფლების პოზიციების შესუსტება და მისი დამხობის ხელშეწყობა.

“ამ მხრივ ბევრი რამ ასე საჯაროდ ცნობილი არაა, ამას მოკვლევა სჭირდება და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვმსჯელობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ჩემის მხრივ შემიძლია განვაცხადო, რომ დიახ, ნამდვილად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა ბოლო პერიოდში დონორების და ენჯეოების ურთიერთობები, რომელიც გულისხმობს გრანტებით მათი საქმიანობის ხელშეწყობას.

“თუნდაც რამდენიმე ღონისძიება რომ გავიხსენოთ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ისინი მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლების პოზიციები შეესუსტებინათ, ეს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები იყო, რომელსაც საერიოზული ფინანსები სჭირდებოდა და ეს ენჯეოები და მათი წევრები ამ ფულს საკუთარი ჯიბიდან ვერ ამოიღებდნენ.

“გარდა ამისა, ის, რაც საჯარო სივრცეში გამოჩნდა, თუნდაც იგივე დონორების მიერ პრეზენტაციების, სემინარების ორგანიზება, რომელიც ფაქტიურად ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების საკუთარ პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებას და ფაქტურად მათი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ მხრივ კონტრილის მექანიზმები დააწესოს. ანუ უცხოეთიდან შემოსულ ფულზე სახელმწიფოს კონტროლი იყოს უფრო მეტი.

“ორგანიზაციები გრანტების მიღებას მიეჩვივნენ და დონორებიც მიეჩვივნენ გრანტების გაცემას ისე, რომ ეს გარკვეულწილად ხელისუფლების სტრუტურების მიღმა ხდებოდა. ანუ როდესაც დონორი გრანტს გასცემდა, მისი დანიშნულება და მიზნობრიობა განსჯის საგანი არ ხდებოდა, ხელისუფლება ამ პროცესში არ ერეოდა, რომ მას განესაზღვრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ გრანტის გაცემა.

“ამ კანონის თანახმად, გრანტის გაცემის პროცესში, დონორსა და ენჯეოს შორის შემოდის უკვე ხელისუფლების უფლებამოსილი პირი, რომელმაც უნდა განსაზღვროს შეიძლება თუ არა ამ გრანტის გაცემა. ეს, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნელი იქნება, რადგან ხელისუფლების უფლებამისილმა პირმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ ამ გრანტის მოზნობრიობა და დანიშნულება სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, შეიძლება ის თანხები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უპრობლემოდ იღებდნენ, ვეღარ მიიღონ”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსთან”.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამ შეზღუდვის რეალური მიზანია, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება ნაკლებად მოხდეს დემოკრატიული პრინციპების დანერგვა.

“მიზანია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული პრინციპების გავრცელება და საზოგადოებაში დანერგვა არ მოხდეს და შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოებაზე მაქსიმალური ზეწოლა მოხდეს. პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრეები ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ, ავტორიტარული რეჟიმისთვის კი, ინტელექტუალური ადამიანი მიუღებელია რადგან ის ადვილად სამართავი არაა.

“თუ ავტორიტარი ხარ, პირველ რიგში საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხარ დაინტერესებული და არა მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის. თუ ადამიანმა გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიული ორონციპების მიმართულებით, მან უფრო კარგად იცის საკუთარი და სხვისი უფლებებიც და თავის დაცვა უფრო მეტად შეუძლია, რეჟიმს კი ეს არ აწყობს.

“მავნე იდეებზე საუბარი, ეს აბსოლუტური ტყუილია, აღნიშნული ორგანიზაციები პირველ რიგში მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობის განმტკიცება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები, გენდერული თანასწორიბის საკითხები. მნიშვნელოვანი პროექტებია გარემოს დაცვის მიმართულებით და ა.შ. რომლებიც კარგ საქმეს ემსახურებიან.

“რაც შეეხება საუბრები გადატრიალებაზე, პირველ რიგში ეს გადატრიალება თავად დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიკითხონ. რადგან ე.წ. კომისია 2004-2012 წლების საქმიანობას იძიებს, მაშინ საზოგადოებას ყველამ უნდა შევახსენოთ, თუნდაც 2007 წელს როგორ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში, ან 26 მაისს ბურჯანაძე როგორ გეგმავდა “გერეუ”-ს რაზმის შემოყვანას საქართველოში. გებელსის ცნობილი ფრაზაა, რომ “დააბრალე მტერს შენი დანაშაულიო” და ხომ არ იტყვიან კარგ საქმეს აკეთებენ უცხოური გრანტებითო და ამბობენ ვითომ სახელმწიფოს ძირს უთხრიან”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”.

“გრანტების შესახებ” კანონში რა ცვლილებებს გეგმავს “ოცნება”

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის ჩასწორების წინადადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა.

კომიტეტმა 14 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე, ფრაქცია “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორები გრანტს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა მოხდეს პრევენცია იმისა, რომ “არაკეთილსინდისიერ ადამიანებს არ დარჩეთ სივრცე, უბედურების დატრიალების მცდელობა ჰქონდეთ”.

გორდულაძემ ამ კონტექსტში ყურადღება ორი მიმართულებით გაამახვილა. როგორც მან განმარტა, შესაძლებელია, მთავრობას გრანტზე თანხმობის მისაღებად ერთი მიზნით მიმართონ, მაგრამ რეალობაში მთავრობის თანხმობით გაცემული გრანტი “დესტრუქციას მოხმარდეს” და შეცვლილი მიზნებით დაიხარჯოს. გორდულაძის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს ამის კონტროლის და შესაბამისი ზომებისა და პროცედურების განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ განაცხადა, შესაძლებელია, ადამიანებმა გრანტზე თანხმობისთვის მთავრობას საერთოდ არ მიმართონ და საკანონმდებლო ჩარჩოს გვერდი აუარონ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონში უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ პირის მიერ მიღებული სახსრები თავისი შინაარსით გრანტია, რაც მთავრობისგან თანხმობის მიღებას საჭიროებდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ ასეთი სახსრები გადაამოწმოს და თუ ეს ყველაფერი დაიდენტიფიცირდება როგორც გრანტი, კანონით გათვალისწინებული პროცედურები და ზომები ამოქმედდეს.

გორდულაძე პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტის რამდენიმე მიმართულებით ჩასწორების წინადადებით გამოვიდა, რომლის გათვალისწინებასა და პროექტში ასახვაზე მომხსენებელმა თანხმობა განაცხადა.

“კანონი ამბობს, რომ გრანტის გამოყენება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების გამოყენებისთვის არის შესაძლებელი, ხოლო გრანტით გაცემული სახსრების განსხვავებული მიზნებისთვის დახარჯვა დონორის თანხმობით არის შესაძლებელი. დონორმა შეიძლება თანხა ერთი კონკრეტული მიზნით გასცეს, რაზეც მას მთავრობის ან მთავრობის უფლებამოსილი პირის თანხმობა ექნება, მაგრამ გრანტის მიმღებმა მიღებული სახსრები სხვა მიზნებისთვის დახარჯოს, რაც პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა.

იმისთვის, რომ ასეთი შეფარული თვალთმაქცური გარიგებებიც გამოვრიცხოთ, გთავაზობთ, რომ თუ გრანტის დახარჯვა შეცვლილი მიზნით მოხდება, ამაზეც მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო. თუ შეთანხმებული გრანტის მიზანი შეიცვლება და გრანტის მიმღები თანხას სხვა მიზნით დახარჯავს, ეს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ჩაითვლება და ასეთ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ამოქმედდება.

ინიცირებული კანონის პროექტით, გრანტის გაცემაზე მთავრობისგან თანხმობის მისაღებად გათვალისწინებულია 10-დღიანი ვადა. გრანტის ხელშეკრულება საკმაოდ მოცულობითია და მოცულობით საკითხებს არეგულირებს. მისი მოცულობიდან გამომდინარე კი, 10-დღიანი ვადა შეიძლება არარელევანტური იყოს. იმისთვის, რომ ინტერესები დაცული იყოს, მიზანშეწონილია, აღნიშნული ვადა კანონპროექტიდან ამოღებულ იყოს და გადაწყვეტილების მიღების ზოგადი ვადები გავრცელდეს”, – განაცხადა გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე წინადადებით, იმისთვის, რომ მთავრობამ გრანტის გაცემაზე თანხმობა გასცეს, დამატებითი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს, არამხოლოდ საგრანტო ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში გაწერილი საკითხები შეისწავლოს, არამედ საკითხის განხილვის ფარგლებში სხვა დამატებითი დოკუმენტები და სხვა დამატებითი ინფორმაციაც მოითხოვოს.

დაკორექტირდება კანონპროექტის იმ ნაწილიც, რომელიც გამონაკლისებს ადგენს. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. როგორც კომიტეტის სხდომაზე გორდულაძემ განაცხადა, გამონაკლისებში საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა არარელევანტურია და ის პროექტიდან ამოღებული უნდა იყოს.