„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები ამჯერად გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილი ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური წარმომადგენლების ძველ განცხადებებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „გახარიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ნაც-რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ალბათ ვერ მოძებნით უკანასკნელი 13 წლის მანძილზე ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯსაც კი, რომელსაც ნაცი ღიად და ცალსახად მოიწონებდა. გახარიას პროვოკაციის საჯაროდ მხარდაჭერაში აგენტურის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ“.
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები ამჯერად გახარიას ხელით ახორციელებდნენ. ფოტოდ ვურთავ და კომენტარებშიც ავტვირთავ ბმულს, სადაც ნახავთ, რომ გახარიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ნაც-რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე (იმ დროს ევროპული საქართველოს წევრი) დავით ბაქრაძე – „მხარს ვუჭერთ ჩორჩანაში პოსტის შენარჩუნებას, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს“. ალბათ ვერ მოძებნით უკანასკნელი 13 წლის მანძილზე ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯსაც კი, რომელსაც ნაცი ღიად და ცალსახად მოიწონებდა.
აქვეა, გიორგი ვაშაძის სიით პარლამენტში შესული, დღეს უკვე გახარიას თანაგუნდელი თეონა აქუბარდიას განცხადება, რომელიც 2019 წელს “სამხედრო ექსპერტის” რანგში გვევლინებოდა – “ბლოკპოსტის განთავსება მისასალმებელი და აუცილებელია” – ამბობდა აქუბარდია. როგორც ხედავთ, გახარიას პროვოკაციის საჯაროდ მხარდაჭერაში აგენტურის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. რეალურად კი, გახარიას ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას! ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ოკუპანტებმა დამატებით განათავსეს რამდენიმე ბლოკპოსტი, გახარიას ამ ნაბიჯზე საპასუხოდ დაიკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები და შეწყდა ახალგორის რაიონში მიმოსვლა, რასაც იმ დრომდე შეუფერხებლად ახერხებდნენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ადამიანები.
ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელ ქმედებას ამართლებდა და კამერებთან აქტიურად ბაქი-ბუქობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის იმჟამინდელი უფროსი და გახარიას გუნდის წევრი, მისი საუკეთესო პაროდისტი კახა ქემოკლიძე, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა და ამბობდა – “ბლოკპოსტი დარჩება იქ, სადაც არის.” ვითარების მაქსიმალური ესკალაციის მიზნით, 30 აგვისტოს, აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ისინი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ მოერიდონ საოკუპაციო ხაზს… ცხადია ეს განცხადებაც სცენარის ნაწილი იყო და ტემპერატურის აწევას ემსახურებოდა (საინტერესოა აშშ-ის რამდენი მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო საოკუპაციო ხაზთან ახლოს…კითხვა რიტორიკულია).
ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი შედეგებით შეგვიძლია შევაფასოთ, ჩორჩანას მოვლენებმა საქართველოს კარგი არაფერი მოუტანა. პირიქით, ზიანი მიადგა სახელმწიფოს ინტერესებს, დაზარალდა მოსახლეობა და ქვეყანა სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა. ამ ყველაფერზე პასუხები, უფრო სწორად უპასუხობა დღეს იხილა ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც დასკვნების გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“- წერს ვატო შაქარიშვილი.