ყაველაშვილის დიპლომატიური დებიუტი – პირველი ვიზიტი ბაქოში და განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

პრეზიდენტი 15 აპრილს აზერბაიჯანის პრემიერს, ალი ასადოვს, შეხვდა, 16 აპრილს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.

ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა.

„პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.”

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ყაველაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 2024 წლის 29 დეკემბერს შედგა, ხოლო ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ოფიციალური განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა – ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. „საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე,” – დასძინა ყაველაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირველი ვიზიტის შემდეგ ყაველაშვილს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე. ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოს გარეშე ევროპის ენერგოუსაფრთხოება წარმოუდგენელია.

„საქართველო-აზერბაიჯანს გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობისა და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები.

დღეს თუ ვისაუბრებთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს, თუ ვისაუბრებთ სამხრეთ კავკასიაში შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება,” – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

პრეზიდენტებმა პრესკონფერენციის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე სახელმწიფოები არიან.

ვიზიტის მნიშვნელობა

პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან” პირველი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ვიზიტი ცხადყოფს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სწორ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს რეგიონში – პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და, რა თქმა უნდა, სომხეთთან. ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა რუსეთთან ახლა აწყობილი ურთიერთობა ვერ ითქმის – არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. თუმცა მოცემულობა ისეთი არის, რომ საფრთხემ მინიმუმამდე დაიწია.

აი, ამ პირობებში, მე შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა კარგა ხნის წინ თქვა, როცა ყარაბაღის პრობლემა გვარდებოდა, რომ თურქები და აზერბაიჯანელები ერთი ერი ვართ – რაც საქმითაც დადასტურდა. ამ დროს საქართველომ მოახერხა, როგორც თქვა თურქეთის საგარეო მინისტრმა – ამას წინათ თქვა, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონოდათ თურქეთთან და აზერბაიჯანთანაც, და ამავდროულად სომხეთთან.

მამრაძემ ყაველაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, შეაფასა და აღნიშნა, რომ ის კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩაჯდება.

„ამ ფონზე სრულიად ნორმალურია – ჩვენთან საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტის უფლებები მოგეხსენებათ – ის არის უზენაესი არბიტრი და წარმომადგენლობა, და ყაველაშვილი ის კაცი არ არის, რომ გადააჭარბოს ან ბოროტად გამოიყენოს თავისი მდგომარეობა. ზუსტად იმას შეასრულებს, რაც ევალება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტი – როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ლაპარაკობენ. ვფიქრობ, ყაველაშვილი ის ფიგურაა, რომელიც თავის ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.

მე ხაზს ვუსვამ: ამ შეხვედრისგან პოზიტიური შედეგების მოლოდინი მაქვს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს თავისი ფუნქციები აქვს, თავისი დატვირთვა აქვს და ასეთი პირადი კონტაქტები მნიშვნელოვანია,” – განაცხადა მამრაძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ინაუგურაციიდან 3 თვის განმავლობაში ერთი საერთაშორისო ვიზიტის ორგანიზება მაინც, მამრაძე გვპასუხობს, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა: „პირველ რიგში იმიტომ, რომ ყაველაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც საკუთარ პიარზე იზრუნებს. შევადაროთ ამჟამად უკვე ექსპრეზიდენტს, რომელიც პიარის გამო კონსტიტუციის დარღვევითაც დადიოდა საზღვარგარეთ – ყაველაშვილს ეს არაფერში სჭირდება. საჭიროება იყო? არ ითხოვდა, რომ ჰქონოდა ეს ვიზიტები. და ახლა, როცა გავიდა დრო და ბევრ უცხოელს შეხვდა, მისი ინტერვიუები დაიბეჭდა ევროპის წამყვან გაზეთებში – მე ამის მოწმე ვარ, შვეიცარიაში მათ შორის – უკვე დადგა დრო, რომ ვიზიტი ჩაატაროს კონსტიტუციის შესაბამისად,” – განაცხადა ანალიტიკოსმა.