17 წელია ცხინვალის ომიდან, რომელმაც ენით აუწერელი ზარალი მიაყენა საქართველოს და ეს ზარალი არა მარტო მსხვერპლშია ან დაკარგულ ტერიტორიებში, არამედ ფსიქოლოგიურ-მორალურ დარტყმაში, რომელიც ქართველმა ხალხმა იგემა დამარცხებით.
თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში საქართველომ, როგორც გაერთიანებულმა, ისე პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილმა, არაერთი ომი წააგო — ცხადია, გაერთიანებულმა — ნაკლები.
ყველა ის ომი ისტორიას ჩაბარდა და ნაკლებად ვიხსენებთ, შესაბამისად ნაკლები განცდით, ტკივილით, გამოთქმა — „დრო, ყველაფრის მკურნალია“ ზუსტად მიესადაგება წარსულს, რომელიც საუკუნეთა იქითაა, მაგრამ რაც აქეთ არის, არა საუკუნეების, არამედ წლების მიღმა გვადარდებს და არა მარტო, გვაბრაზებს, რისხვას იწვევს ჩვენში არა საკუთარი თავის და ხელისუფალთა მიმართ, არამედ იმათ მიმართ, ვისაც ვეცით — ძალით დასამორჩილებლად, ანუ საკუთარ მოსახლეობას დღეს რომ დებად და ძმებად მოვიხსენიებთ და შერიგებას ვთხოვთ.
ჩვენს რისხვას იწვევს ის, ვინც ხელი გაანძრია — ჩვენი მოსახლეობის, ჩვენგან დასაცავად.
17 წელი გავიდა ცხინვალის ომიდან, მაგრამ კამათი ვინ დაიწყო ომი გრძელდება. გრძელდება გაცილებით ინტენსიურად, ვიდრე ადრე.
ბუნებრივად იბადება კითხვა — რა არის მიზეზი იმისა, რომ ცხინვალის ომთან დაკავშირებით დღეს უფრო მეტს ლაპარაკობენ, თანაც მწვავედ, ვიდრე 2009, 2010 და შემდგომ წლებში?
პასუხი მარტივია, იმჟამინდელმა საზოგადოებამ კარგად იცოდა აგრესორის ვინაობა, მიუხედავად ხელისუფალთა მხრიდან თითის სხვისკენ გაშვერის. იცოდა, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობდა — ხელისუფალთა შიშით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული დაბეჯითებით უმტკიცებდა ქვეყნის მოსახლეობას და სხვას, რომ უმანკო კრავი იყო, რუსული აგრესიის მსხვერპლი.
ხელისუფლებამ არ გაიზიარა ევროკავშირის სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, სადაც ხაზგასმით იყო მოხსენიებული აგრესორის ვინაობა და ეს აგრესორი საქართველო იყო.
ხელისუფლების განცხადება, რომ დასკვნას არ ეთანხმება — შინ, საქართველოში, საქართველოს მოსახლეობისთვის იყო გაჟღერებული, თორემ უცხოელისთვის — შებრუნებით.
ერთ-ერთმა გაზეთმა გარისკა და დაბეჭდა გაეროს დასკვნა.
ვისაც დასკვნა აქვს წაკითხული, დამერწმუნება ტანში ცივი ჟრუანტელის გავლას იგრძნობს, კითხვაც დაებადება — ნუთუ ამის ჩამდენნი ვართო. რა არ იყო დოკუმენტში ჩაწერილი — „გრადებით“ მძინარე ცხინვალის დაბომბვა, აკრძალული „კასეტური“ ჭურვების გამოყენება, …
აღნიშნულ დოკუმენტს საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაცნობია, ისევ ხელისუფლების შიშით. ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაზეთ „ასავალ-დასავლის“ კორესპონდენტმა მთხოვა ინტერვიუ, თან გამაფრთხილა სააკაშვილი არ დაადანაშაულოო.
აი, ამ „სიმართლით“ ვიცხოვრეთ 2012 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელშიც სააკაშვილი და მისი ნაცები დამარცხდნენ, ხოლო გამარჯვება მოიპოვეს ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“.
შეიცვალა ხელისუფლება, მასთან ერთად პოლიტიკური ცხოვრება, იდეოლოგია, მაგრამ ახალს თავში აზრად არ მოსვლია ძველთა დასჯა-გასამართლება სახელმწიფო ღალატისთვის. ივანიშვილის გარდა არავის უთქვამს საჯაროდ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ივანიშვილმა თქვა, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია — გასამართლება, დამნაშავე პარტიის კანონგარეშედ გამოცხადება.
ამბობენ, დასავლეთი ჩადგა შუაში გამარჯვებულ-დამარცხებულს შორის და ერთად ცხოვრება, ანუ კოჰაბიტაცია შესთავაზაო, რაც დასაჯერებელია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი აშშ-ს ფავორიტი იყო, რომლის გამოყენებაც მისთვის (აშშ-სთვის) მისაღები იყო.
გამოიყენეს კიდევაც უკრაინაში, რომელსაც სააკაშვილი თავის სამშობლოდ თვლის. გამოიყენებდნენ საქართველოშიც, რისთვისაც ის შემოაპარეს აქ.
გამოიყენეს და როგორც ჩანს ჩამოწერეს, ვინაიდან თავისუფლებააღკვეთილი, მისთვის (აშშ-სთვის) ნაკლებად საინტერესოა, მითუმეტეს გადასხვაფერებული ამერიკისთვის.
13 წლის განმავლობაში „ოცნება“ ლაპარაკობდა ნაცთა მმართველობის სიმახინჯეებზე, ისე, როგორც მათი ლიდერის სააკაშვილის, გაასამართლეს კიდევაც სააკაშვილი — ტანსაცმელში სახელმწიფო ფულის ხარჯვაზე, წვრილმან-მსხვილმან დანაშაულებზე, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავთ ცხინვალის ომის თაობაზე, სააკაშვილის მიერ ომის დაწყებაზე, რაც თავისთავად სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.
წელს „ოცნებამ“ გაიხსენა, რომ სააკაშვილი და მისი ნაცები ომის გაჩაღებისთვის უნდა დაისაჯონ და ყველა იმ სიბინძურისთვის, რაც მათ ჩაიდინეს თავიანთი დიქტატურის დროს და არა მარტო დაისაჯონ, არამედ კანონგარეშეც გამოცხადდნენ.
რომ იტყვიან —„სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“-ოსთან გვაქვს საქმე. არადა, გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის 2012-ის შემდგომ წლებში განხორციელება.
სხვათა შორის, დასჯას ელოდნენ „ნაცმოძრაობის“ წევრები და კოჰაბიტაციის დასაწყისში ცდილობდნენ ნაკლებად გამოჩენილიყვნენ მედიაში. მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ მათ კოლექტიურ დასჯას არავინ აპირებდა, თან აღადგინეს ძველი კავშირები დასავლეთთან, ისე გათამამდნენ, თავხედურად დაიწყეს მტკიცება იმისა, რომ ცხინვალში სამშობლოს იცავდნენ.
სულ ახლახანს, ნაცთა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ცხინვალში სახელმწიფოებრიობას იცავდა და ის უნდა შეეწყალებინა მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსო.
ბოკუჩავა მარტო არ არის, ამომრჩეველთა საკმაოდ სოლიდური, 15-20%-ის გარდა, საზოგადოების ნაცთა მიმართ დადებითი განწყობა იშვიათობა არ არის.
მიზეზი მარტივია. ხალხმა დაივიწყა სააკაშვილისა და მისი ნაცების დანაშაული. გარდა ამისა მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც არაფერი იცის ცხინვალის ომის შესახებ და რაც იცის, არის ის, რომ ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ გაილაშქრა სააკაშვილმა, ოსებს კი მხარი დაუჭირეს რუსებმა. რუსეთმა დაიწყო ომი, ხოლო საქართველო თავს იცავდა და დამარცხდა.
17 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ასმენინებენ ზღაპრებს რუსულ აგრესიაზე. რუსული ტანკების თარეშზე საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვარზე მავთულხლართების უკანონო გავლებაზე, რუსი საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემთხვევით გასულ ქართველთა მიმართ გამოყენებულ სასტიკ მოპყრობაზე და სხვა მრავალ ნეგატიურ მოვლენაზე.
ქართული მედია სისტემატურად ლანძღავს რუსეთს ცხინვალის ომის დაწყებისთვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციისთვის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციებზე, შეხვედრებზე, სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე დაბეჯითებით ლანძღავენ და აგინებენ რუსეთს, უწოდებენ მას „აგრესორს“ და „ოკუპანტს“, თხოვენ საერთაშორისო არენას დაკარგული, რუსთა მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსული საქართველოს პრემიერი თავის უპირველეს მოვალეობად თვლიდა და თვლის 2008 წლის ომის გახსენებას და მასში რუსეთის, როგორც აგრესორის მოხსენიებას.
არ მახსოვს არც ერთი ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლა, სადაც არ ყოფილა რუსეთის ლანძღვა, როგორც აგრესორის და ოკუპანტის. და როდესაც ასეთ პროპაგანდას აქვს ადგილი, ძნელი დასაჯერებელია, რომ საზოგადოებამ საწინააღმდეგოზე იფიქროს, ანუ საქართველოს აგრესიაზე და არა რუსეთის.
ამ პროპაგანდისტულ ატმოსფეროში ვინ გაიხსენებს ტალიავინის ან გაეროს დასკვნას?
არც არავინ!
17 წლის განმავლობაში არც არავის უთქვამს საჯაროდ, არც არავის დაუწერია საჯაროდ, თუ ვინ იყო ნამდვილი აგრესორი, ამ შემთხვევაში გამონაკლისები არ მყავს მხედველობაში ნინო ბურჯანაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე და თქვენი მონამორჩილი, სხვას ვერ ვიხსენებ. სხვები თუ იყვნენ, სააკაშვილის სასარგებლო არგუმენტებს ახსენებდნენ — დიახ! სააკაშვილმა დაიწყო, ვინაიდან იძულებული იყოო დაეწყო, რუსეთმა აიძულა გადაედგა ასეთი ნაბიჯიო.
არვინ იხსენებს მედვედევ-სარკოზის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან იმ პუნქტის წაშლის ავტორს, რომლის მიხედვით სააკაშვილს მოლაპარაკება უნდა დაეწყო სოხუმთან და ცხინვალთან — საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური ფორმირებების სტატუსის განსაზღვრის მიზნით.
ამოშლის ავტორი სააკაშვილი გახლდათ. და მიუხედავად ამისა, რუსეთმა აგვისტოს ბოლომდე არაერთხელ მიმართა საქართველოს, მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა უშედეგოდ.
პასუხი სააკაშვილისა იყო მუქარა — ძალით დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსო.
რუსეთის სურვილი არ ყოფილა აღნიშნული ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება. სააკაშვილმა, რუსეთი იძულებული გახდა გადაედგა აღიარების ნაბიჯი. რუსეთმა ჩათვალა, რომ ერთადერთი გზა სააკაშვილის მუქარის რეალობად ქცევისგან დასაცავად ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა ვთქვათ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, რომელიც ცხინვალის ომის დროს ევროკავშირის ხელმძღვანელი იყო, არ დაუშვებდა ერთფურცლიან დოკუმენტში ავტონომიების სტატუსის შესახებ არაფრის თქმას. არ დაუშვებდა ამ ავტონომიების საქართველოდან გამოყოფას.
სარკოზი არ დაუშვებდა, უფრო სწორად არ დაუშვა, მაგრამ სააკაშვილმა დაუშვა და საკუთარი ხელით გადაშალა მე-7 პუნქტი, რომელიც მოითხოვდა მოლაპარაკების დაწყებას, საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიების სტატუსის განსაზღვრისთვის.
სამწუხაროდ, რცხილაძისა და ჩემმა პუბლიკაციებმა, საჯარო, სატელევიზიო გამოსვლებმა არ მოიტანეს ის შედეგი, როგორიც საჭირო იყო სახელმწიფო პროპაგანდით გაბრუებული მოსახლეობის სინამდვილისკენ შესაბრუნებლად.
ვწერ ამ სტრიქონებს და იგივეს ვფიქრობ — არც ახლა მოიტანს, ვინაიდან სააკაშვილის დროს დაწყებული ანტირუსული პროპაგანდის ახალი ტალღა — ძველი, გამსახურდიას დროს დაიწყო, დღესაც მოქმედებს. და მოქმედებს იმიტომ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ 13 წლის განმავლობაში არაფერი იღონა მის გასაბათილებლად. პირიქით კი ბევრი გააკეთა, ამიტომ არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც მას ლანძღავენ კომისიის შექმნისთვის, ცხინვალის დროინდელ ამბებში სააკაშვილისა და ნაცების დადანაშაულებისთვის.
რადიოში მოვისმინე ვიღაც ქალი გაჰკიოდა — „ოცნება“ მოღალატეა და უნდა მოვიშოროთო. წარმოიდგინეთ ხალხო, ცხინვალის ომის დაწყებას საქართველოს აბრალებენო.
საქართველოს ხელისუფლებას, 13 წლის განმავლობაში, დროდადრო ხალხისთვის რომ ეთქვა — ვინ დაიწყო ომი, სხვა ვითარება იქნებოდა, რუსეთს ჩამორეცხავდა ტალახს და ჭუჭყს, რომელიც მას შევასხით და ვასხამთ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაწყებული, დღემდე.
დავუბრუნდეთ პარლამენტის კომისიის მუშაობას, რომლის მთავარი მიზანი ცხინვალის ომის გამჩაღებელთა მხილება და შესაბამისი ვერდიქტის გამოტანაა. კომისიის დასკვნა სააკაშვილისა და ნაცების საწინააღმდეგო იქნება, რასაც წინასწარ ადასტურებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
დასკვნა წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს და ისიც იტყვის იმას, რაც დასკვნამ თქვა.
რა იქნება დასკვნაში? — ომი სააკაშვილმა დაიწო!
კომისიის დასკვნა და საკონსტიტუციო სასამართლოს უეჭველი დასტური ყირაზე დააყენებს ყველაფერს, რაც აქამდე იყო.
რა იყო აქამდე, ყველამ ვიცით — ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.
რა იქნება?
რუსეთს აგრესორის დამღა ჩამოშორდება, ოკუპანტისა არა! რუსეთის მთლად გათეთრებაც არ ივარგებს — ასე იფიქრებენ „ოცნებელები“.
რა მოჰყვება 17 წლის დაგვიანებით გამომჟღავნებულ სიმართლეს, რომელიც ყველასთვის, როგორც შინაურის, ისე გარეულისთვის ისედაც ცნობილი იყო?
ერთია „ცნობილი“ და მეორეა ხელისუფლების მიერ აღიარებული. ჩემის აზრით, დაგვიანებული, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ მსგავსი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი