“ვასო აბაშიძის ახალი თეატრის” დასი აცხადებს, რომ ისინი არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვტილებას არ აღიარებენ. მათი თქმით, დასი წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ხედავს.
“არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი გაათავისუფლა, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ.
დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე, ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოდ.
ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ.
არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე”, – ნათქვამია დასის განცხადებაში.