მაია სანდუ – რუსეთი წელსაც ეცდება, გავლენა მოახდინოს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე

რუსეთს სურს მოლდოვის ხელმძღვანელობის შეცვლა და შემდეგ ქვეყნის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Jurnal TV-ის ეთერში განაცხადა.

სანდუს თქმით, დღეს უკრაინა რჩება მოლდოვის ფარად და კიშინეუს ხელისუფლებას აქვს მორალური ვალდებულება, არ დაუშვას მოლდოვის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება მოლდოვა იყოს უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული, სანდუმ უპასუხა, რომ მოსკოვი უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავს, რათა გავლენა მოახდინოს მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე.

„ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო ჩარევა გასულ წელს და სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი წელსაც ეცდება, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. კრემლის მიზანია ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლა ისეთი ადამიანებით, რომლებსაც ის აკონტროლებს. საქმე არ ეხება მხოლოდ მოლდოვას, რადგან რუსეთის ინტერესი ახლა უკრაინაა. კრემლი თუ მიიღებს კონტროლს ხელისუფლებაზე, იგი გამოიყენებს მოლდოვას უკრაინის წინააღმდეგ”, – აღნიშნა სანდუმ.

მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ რუსეთი შეეცდება, მოლდოვა ომში ჩაითრიოს.

„ჩვენ გვაქვს 1 200 კილომეტრი საზღვარი უკრაინასთან. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეში ეს საზღვარი მეგობრული ქვეყნიდან გადაიქცევა საზღვრად ქვეყანასთან, რომელსაც მოსკოვი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, აქ რისკები არის უკრაინისთვის, მაგრამ ამავე დროს რისკები იზრდება მოლდოვისთვისაც”, – განაცხადა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეების უსაფრთხოების გამო და ასევე იმისთვის, რომ არ გართულდეს სიტუაცია უკრაინაში, ეს არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩეთ სწორ მხარეს, დავრჩეთ მეგობრულ ქვეყნად”, – აღნიშნა სანდუმ.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 28 სექტემბერს გაიმართება.