ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიერთობას შორის, რუსეთის ინტერესებშია, რომელსაც ელენე ხოშტარია ემსახურება.

გია ვოლსკი

„ღიად ფულის გადაცემა, ბაბუის ლეგენდის მოგონებით არის ხელსაყრელი იმისთვის, რომ გყავდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად ეცდება ბზარი გააჩინოს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის. ეს რუსეთის ინტერესია.

თუმცა, ასე გლობალურად თუ არ განვიხილავთ ელენე ხოშტარიას ფიგურას, რა საკვირველია შეიძლება ვიგულისხმოთ, ყოველ შემთხვევაში სულ მცირე, რომ ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, რომელიც არა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის, ზოგადად ადამიანისთვის ძალიან არაბუნებრივია.

ფაქტია, რომ იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან და ვიღაცისკენ ხელს იშვერს, რომ რუსეთის წამხედურები არიან და მათ პოლიტიკას ატარებენ“, – აღნიშნავს ვოლსკი.