ზელენსკი პუტინის სააღდგომო ზავზე – „ადამიანების სიცოცხლით თამაშის კიდევ ერთი მცდელობაა“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სააღდგომო ზავის გამოცხადებასთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინის სააღდგომოდ გამოცხადებული ზავი ადამიანების სიცოცხლით თამაშის კიდევ ერთი მცდელობაა.

ზელენსკის თქმით, დრონების გამო უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული და სწორედ ეს მიუთითებს რუსეთის დამოკიდებულებას ზავის და აღდგომის მიმართ.

„შაჰედები“ ჩვენს ცაზე – სწორედ ეს არის პუტინის დამოკიდებულება აღდგომის და ადამიანების მიმართ“, – აცხადებს ზელენსკი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

„დღეს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა პუტინმა.

სააღდგომო ზავი 30 საათს გაგრძელდება.