კრემლი დონალდ ტრამპისთვის მოსკოვში Trump Tower-ის მშენებლობის შეთავაზებას განიხილავდა – მედია

რუსეთის ხელისუფლება დონალდ ტრამპისთვის მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის შეთავაზებას განიხილავდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Trump Tower

როგორც ანონიმური წყარო აღნიშნავს, Trump Tower-ის პროექტის განახლების შეთავაზების მიზანი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილი იქნებოდა.

„აქ მნიშვნელოვანია სისწრაფე, ეფექტი და სანახაობრიობა, ყველაფერი, რასაც ტრამპი ინტუიციურად აფასებს”, — განუცხადა The Moscow Times-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ „ტრამპ თაუერის“ პროექტის შესახებ საუბრისას.

The Moscow Times-ი წერს, რომ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუს მაღალჩინოსნებსა და ანალიტიკოსებს დაევალათ, შეესწავლათ ყველა შესაძლო ქმედება, რომლებიც ტრამპისთვის, შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო, ხოლო მსხვილ კომპანიებს დაევალათ აშშ-თან თანამშრომლობის წინადადებების მომზადება. პროცესში ჩართული იყო „როსნეფტი“, „როსატომი“, „რუსალი“ და „პოლიუს ზოლოტო“.

მოსკოვში 58-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის გეგმების შესახებ ტრამპმა პირველად 2013 წელს ისაუბრა, თუმცა გეგმა არ განხორციელებულა. ორი წლის შემდეგ რუსული წარმოშობის ამერიკელმა დეველოპერმა, ფელიქს სეტერმა კვლავ შესთავაზა ტრამპს მოსკოვში ცათამბჯენის აშენება. 2015 წლის შემოდგომაზე ნიუიორკელი არქიტექტორების მიერ მომზადდა კიდეც მომავალი შენობის პროექტი. თუმცა ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ეს შეჩერდა.