რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ეს არის შემაძრწუნებელი, – ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ საუბარში გაკეთებული განცხადებები.
გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ეს დაფინანსება მათ მიერ გამოყენებული იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„ეს იმის აღიარება კი არ არის, რომ ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან ან ფინანსდებოდნენ კონკრეტული ფონდებიდან, რაც ჩვენც ვიცოდით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ეს დაფინანსება მათ მიერ გამოყენებული იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არა რაიმე ორგანიზებისთვის, პროგრამების შედგენისთვის სხვადასხვა დარგების მიხედვით, არამედ კონკრეტულად დესტაბილიზაციის მისაღწევად და რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის.
ეს არის აღიარება პირდაპირ, რომ ფული სჭირდებათ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში შეუქცევადი გახდეს ნგრევის პროცესი, რომ საქართველოში ხელისუფლებას დაეპატრონონ ადამიანები, რომლებიც მას შეათრევენ ისეთ პრობლემებში, რომლიდანაც, რასაკვირველია დანგრეულ საქართველოს მივიღებთ. ამას პირდაპირ აღიარებენ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. თან ვისთან, ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ იმათ, ვისი სახელითაც რეკავენ. ანუ, გაამაიმუნეს და ამ გამაიმუნებულმა ადამიანებმა თქვეს პირდაპირ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მათ მიერ თავიანთი ძალისხმევა მიმართული“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.