ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს. მართალია, ეროვნული ვალუტა გამყარების გზას ჯერჯერობით არ ადგას, თუმცა არც გაუფასურების საფრთხე ელოდება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში, მინიმუმ 15 მაისამდე ტენდენცია გაგრძელდება. შემდეგ კურსი დამოკიდებული იქნება მაკროეკონომიკურ და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. არსებულ კურსს კი განაპირობებს როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რაც რეზერვების შესყიდვას უკავშირდება.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, სპეციალისტები ცვლილებას დიდად არ ელოდებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ევროს მიმართ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ან არსებულ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
,,ლარის სტაბილურობა საშუალოვადიან პერიოდში ყველა შემთხვევაში შენარჩუნდება. მკვეთრ გამყარებაზე საუბარი ზედმეტია. ცნობილია, რომ ლარის დოლართან გამყარება-დასტაბილურების ტენდენცია დოლარის ინდექსის კლებას უკავშირდება. ეს პროცესი განპირობებულია პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო პოლიტიკით. ახლა ეს ფაქტორია განმსაზღვრელი, რადგან სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რაც გავლენას მოახდენდა.
ტრამპმა, რომელიც ბიზნესმენი და აქციონერია, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას, პირდაპირ და მკაფიოდ მიანიშნა, რომ ინვესტორებისთვის აქციებით სავაჭროდ ან მათ შესაძენად ხელსაყრელი დრო იყო. ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ უახლოეს პერიოდში პირიქით მოხდეს და ამერიკამ ჩინეთს ტარიფების შეზღუდვა საერთოდ მოუხსნას.
რაც შეეხება ლარს, მიმაჩნია, რომ უფრო მეტად ლარის გამყარება არც შეიძლებოდა. სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება, 15 მაისამდე ასე იქნება. მერე გამომდინარე იქიდან, რა პროცესები განვითარდება მსოფლიო ეკონომიკაში და შესაბამისად, საქართველოში, ახალი რეალობა გამოიკვეთება.
დოლარის გარშემო შექმნილი ვითარება უაღრესად არასტაბილურია, თუმცა განსხვავებული მოცემულობაა ევროსთან მიმართებით. როგორც ვიცით, ევრო დოლართან მყარდება, ამიტომ ეროვნული ვალუტები, მათ შორის, ლარი ევროსთან გაუფასურდება”, – განუცხადა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.
შესაბამისად, როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ივარაუდა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ლარი, დოლართან მიმართებით 2.74-დან 2.77 ფარგლებში იმერყევებს.
ლარის გაუფასურებას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში გამორიცხავენ ექსპერტებიც, თუმცა დამატებით პოზიტიურ ცვლილებებზე საუბარი უჭირთ. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, ამის მიზეზი პოლიტიკური დაძაბულობაა.
,,ეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია და ლარის კურსს ამ კუთხით არაფერი ემუქრება, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა გამოწვევად რჩება. მართალია, გამყარების ნიშნები არ გვაქვს, მაგრამ ბოლო კვირეების განმავლობაში ლარი არც გაუფასურებულა, სტაბილურობას ინარჩუნებს. მიღწეული პარამეტრების შენარჩუნებას ხელს უწყობს ისიც, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია. სავალუტო ბაზარზე მდგომარეობას გაუარესებას არ ველოდები.
რაც არ უნდა იყოს, ვალუტის კურსი დამოკიდებულია მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზე, რის განსაზღვრაც თავისთავად წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეკონომიკური სუბიექტებისა და ბიზნესისთვის კურსი დარჩება გამოწვევად, სანამ ბაზარზე მინიმალური რისკები ლართან დაკავშირებით არსებობს, ბიზნესს დაგეგმარების და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობის კუთხით ყოველთვის ექნება პრობლემა.
მთავარია, მომავალშიც ეროვნულმა ბანკმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს კურსის გასამყარებლად და დროულ ინტერვენციებს მიმართოს, რა დონეზეც რეზერვები ეყოფა”, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” თუთბერიძემ.