სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს „ამერიკის ხმის“ დახურვის გადაწყვეტილება

ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა „ამერიკის ხმიდან“ გათავისუფლებული ან ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვებული ყველა თანამშრომელი სამსახურში აღადგინოს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ამერიკის ხმა“

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აშშ-ის გლობალური მაუწყებლობის სისტემაში შემავალი ორი სხვა მედიაორგანიზაციის, „რადიო თავისუფალი აზიის“ და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის დაფინანსება აღდგეს.

მედიაორგანიზაციებმა, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ფიგურირებენ. თვეში ერთხელ უნდა აცნობონ სასამართლოს, თუ რამდენად იცავს კანონს აშშ-ის გლობალ;ური მედიის სააგენტო და აძლევს თუ არა უფლებას მედიაორგანიზაციებს, რომ აუდიტორიას ზუსტი, ობიექტური და სრული ახალი ამბები მიწოდოს.

მას შემდეგ, რაც მარტში აშშ-ში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) საქმიანობის შემცირების შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა, სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული მედიაორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვას ან შეწყვეტას ითვალისწინებდა. „ამერიკის ხმის“ მუშაობა პრაქტიკულად გაჩერდა, თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, ხოლო შემდეგ სამსახურიდან მათი გათავისუფლება დაიწყეს.