რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლა აუცილებლად გაიხსნება, საქართველოს მხრიდან პროტესტის მიუხედავად. ამის შესახებ სოხუმის ე.წ. ელჩმა რუსეთში ალხას კვიცინიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„საქართველო ცდილობს ხელი შეუშალოს პროცესს, რომელიც ობიექტურად შეუქცევად ხასიათს ატარებს. აფხაზეთი და რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, უკვე, შეთანხმდნენ და ის განრიგით დაიწყება. მოვუწოდებთ თბილისს, რომ კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას და ჩვენთან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ხელი მოაწეროს. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენს და აფხაზეთის და რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად იფრენენ თბილისის პროტესტების მიუხედავად“, – განაცხადა კვიცინიამ.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება, რომ სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია არის უკანონო და ავიაკომპანიები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში იფრენს, სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად დებულებებს დაარღვევენ.
რუსეთიდან სოხუმში ავიარეისები შესრულება მაისიდან იგეგმება, სატესტო რეისი ავიაკომპანია „UVT Aero“-მ უკვე შეასრულა.