უცხოელის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს

უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლოა, მისი საქართველოდან გაძევება და მის მიმართ საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვა გამოიწვიოს. აღნიშნული ზომა უცხოელის მიმართ იმ შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ის შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს.

პარლამენტი

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, სახდელის ორი ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შემოდის. აღნიშნული სახდელები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, უცხოელის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 166-ე, 173-ე, 173/16-ე და 174/1-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, ფულად სანქციასთან ერთად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

გარდა ამისა, ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ფულადი სანქციები იზრდება. კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით.

მოქმედი კანონით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით კი, განსხვავებული სანქციები განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის.

უფრო კონკრეტულად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, 100 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება სახდელის სახით დაკისრებული ფულადი სანქცია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევისთვის.

ამასთან, სანქციის სახით 100 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა, მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევისათვის.