“F*ck you” – აშშ ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა და ილონ მასკმა ერთმანეთს აგინეს, ტრამპი იქვე იჯდა

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები აშშ-ის მთავრობაში. გასულ კვირაში ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და ილონ მასკმა პრეზიდენტ ტრამპის წინ, თეთრ სახლში, სკანდალი მოაწყეს. ამის შესახებ პორტალი  Axios იუწყება, რამდენიმე თვითმხილველზე და წყაროზე დაყრდნობით. სკანდალის ანუ დაპირისპირების საფუძველი აშშ-ის საგადასახადო უწყება IRS-ში მიმდინარე საკადრო საკითხები გახდა.

ორმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს ჩარევა მოუწია. ტრამპი უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდა. „ხმაური ატყდა, ვგულისხმობ, რომ [დაპირისპირება] ხმამაღლა იყო“, – განუცხადა თვითმხილველმა Axios-ს. დავის შესახებ ინფორმაცია „ნიუ-იორკ თაიმსმაც“ დაადასტურა.

ამის გამომწვევი მიზეზი ბესენტის მიერ მაიკლ ფოლკენდერის IRS-ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა გახდა – სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მედიის ცნობით, ტრამპმა მასკის მოთხოვნით გარი შაპლი დანიშნა. ბესენტმა მასკი მის განზრახ იგნორირებაში დაადანაშაულა და პრეზიდენტთან უჩივლა მასკს.

ხუთშაბათს სიტუაცია დაიძაბა: ბესენტი თეთრ სახლში მასკს დაუპირისპირდა და შეაგინა (“ფაქ იუ!”). მასკმა კი უპასუხა: „უფრო ხმამაღლა თქვი!“.

„ეს ორი საშუალო ასაკის, მილიარდერი მამაკაცი ისე იქცეოდა, რომ WWE (World Wrestling Entertainment, რედ.)-ის გამოსვლას ჰგავდა“, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. ოვალურ კაბინეტში ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, „თუმცა პრეზიდენტი ამ ამბავს უყურებდა, შემდეგ დაპირისპირებამ დერეფანში გადაინაცვლა“.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ცხარე დებატები „ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნორმალური ნაწილია“. თავად ტრამპმა ოთხშაბათს შეაქო მასკი: „ის უდიდესი დახმარება იყო“. ამავდროულად, მან მიანიშნა, რომ მასკი, შესაძლოა, მთავრობიდან გადადგეს.  აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასკი მისი მეგობარია და მას სურდა, რომ ის „დიდი ხნის განმავლობაში“ ჰყოლოდა, თანაშემწის რანგში.