„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას გადაყენებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რამაც პარტიის წევრები ერთმანეთს დააპირისპირა. ნაციონალებში მიმდინარე პროცესებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და პარტიაში „ამრევის“ ვინაობასაც ასახელებს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ „ოცნებას“ თინა ბოკუჩავას პარტიიდან ჩამოცილება უნდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება ხელებს აფათურებს მის პარტიაში.
„მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აჰყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
for.ge-ს პარტიიდან სანდო წყარო უყვება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა და ჯგუფებს შორის კონფლიქტია გაჩაღებული. პარტიის რამდენიმე წევრი ნაციონალების დატოვებითაც კი იმუქრება და სწორედ ამას უკავშირებენ ლევან ხაბეიშვილის ბოლოდროინდელ გააქტიურებას. როგორც წყარო გვიყვება, პარტიის უფრო რადიკალური ფრთა მომხრეა, რომ ენმ-ში ახალი არჩევნები დაინიშნოს. ისინი თინა ბოკუჩავას მუშაობით უკმაყოფილოები არიან. ასევე მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს, უშედეგოდ ითხოვს პარტიის მართვაში ჩართვას და არაერთი გეგმა წარმოადგინა იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადახალისება. თუმცა, მის არც ერთ შეთავაზებას პარტიის ლიდერშიპი არ გამოხმაურებია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ-ში სიტუაცია იმდენად სავალალოა, ბოლო დროს ნორმალური სპიკერიც კი აღარ ჰყავთ, ვინც ადეკვატურ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს. მათი აზრით, ენმ-ის დასასრულის დასაწყისი უკვე დაწყებულია და ეს მათი ბოლო პოლიტიკური ფართხალია.
წყარო: for.ge