„ნუ მელაპარაკებით პოლიტიკაზე” – ღარიბაშვილი სრულ კაპიტულაციას აცხადებს

უკვე ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში შიდაპარტიულ ომში საბოლოოდ კობახიძემ გაიმარჯვა. პროცესი, რომელიც ყველგან საკვანძო პოსტებზე პრემიერის ხალხის დანიშვნით დაიწყო პარასკევს ღარიბაშვილის სრული კაპიტულაციით დასრულდა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია და პოლიტიკაც დატოვა, ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკაში ოპოზიციურ ფლანგზე მისი სახით ახალი მოთამაშე გამოჩნდეს, ხაზგასმით პასუხობს – „არა”.

„ოცნების” ექსთავმჯდომარემ თქვა, რომ მისი განცხადება სპეკულაციებს, მის მომავალ თანამდებობებთან დაკავშირებით, საბოლოოდ დაასრულებს.

„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის, რას დაუკავშირებს მომავალ საქმიანობას, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს კერძო სექტორი და ეკონომიკური მიმართულება იქნება. კითხვაზე, თუ რატომ დატოვა ახლა თანამდებობა, უპასუხა:

„არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოს და ხალხის მსახურების შესაძლებლობა.”

საყურადღებოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არსად ახსენებს პრემიერ ირაკლი კობახიძეს.

ჟურნალისტმა რამდენჯერმე სთხოვა ღარიბაშვილს მკაფიო პასუხი გაეცა და „ყველა ეჭვი გაეფანტა” კითხვაზე, ხომ არ აქვს პრემიერთან შეუთავსებლობა.

„მე პარტიის თავმჯდომარე ვიყავი დღემდე, ირაკლი კობახიძე პრემიერია, მას თავისი ხედვა აქვს, ყველას გულწრფელ წარმატებას ვუსურვებ.”

„ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციაა. ჩემს გუნდში ბევრი ლიდერია და მე არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ყველა ჩამომეთვალა. შესაბამისად, ნუ ეძებთ სპეკულაციებს. გუნდი არის დიდი – ეს გუნდი კი შექმნა დამფუძნებელმა. პარტიის წარმატება დაკავშირებულია ივანიშვილთან. მე ჩემი გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებას”, – დასძინა ღარიბაშვილმა.

საყურადღებოა, რომ ოპოზიციიდან ხშირად საუბრობდნენ „ორი ირაკლის შეუთავსებლობაზე”, ვარაუდობდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშილსა და ირაკლი კობახიძეს შორის კონფლიქტი იყო. გარდა ამისა, ოპოზიციონერები ხაზგასმით ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ღარიბაშვილის გამო ჩამოაშორეს მასთან დაახლოებული პირები პოლიტიკას.

საყურადღებო დეტალი ისიცაა, რომ ღარიბაშვილი არ გამორიცხავს პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ აქვს. ამასთან, ამტკიცებს, რომ წასვლის მიზეზი ოპოზიციონერის რანგში დაბრუნება არ არის და ეს უბრალოდ სპეკულაციებია, რომლებსაც ავრცელებენ.

„თუ მეკითხებით, რომ იმიტომ გადავდექი, რომ ოპოზიციური პარტია შევქმნა – არ არის მსგავსი არაფერია, არაფერი განიხილება. ესა არის წინდაწინ წყლის სპეკულაციები, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო.

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისითვის, დამფუძნებლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ახალი და ჯანსაღი ოპოზიციური ძალების ჩამოყალიბება იყო.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთისა და აშშ-ს სანქცირებულთა არცერთ სიაში მოიძბნება. „რატომ უნდა ვიყო სანქცირებული, რა დავაშავე?”-თქვა მან.

პოლიტიკიდან მიდის, თუმცა , მისივე თქმით, რჩება ბიძინა ივანიშვილის „ერთგული ჯარისკაცი”.

„მჯერა, რომ „ქართული ოცნება” იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.”

ვფიქრობ, ქვეყანაში მშვიდი სიტუაციაა, კარგი ამინდია – რაც შემეხება მე, საქართველოში ვრჩები, აბა, რა მინდა სხვაგან?!”-დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან – 2012 წლიდან იყო ჩართული და ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.

უფრო კონკრეტულად, 2012-2013 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. პრემიერ-მინისტრად ის მეორედ, 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის 29 იანვრამდე იკავებდა. ამავე წლის 1 თებერვალს კი ღარიბაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ აირჩიე

საუბარი „ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ ამ სიტყვებით დაასრულა:

„მე პოლიტიკიდან წავედი და პოლიტიკაზე ნუღარ მელაპარაკებით.”