დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იდეები ომის დასრულების შესახებ. ამის შესახებ ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, პუტინი განურჩევლად კლავს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, სანაცვლოდ კი მას სთავაზობენ: უკრაინის სუვერენული ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელიც ძალის გამოყენებით მიიტაცა; უკრაინის ბედის გაკონტროლებას ნატოში გაწევრიანების აკრძალვით; სანქციების მოხსნას; ეკონომიკურ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან; შესაძლებლობას, აღადგინოს თავისი შეიარაღებული ძალები მომდევნო თავდასხმისათვის რამდენიმე წლის შემდეგ.
„და რას იღებს უკრაინა სასტიკი და არაპროვოცირებული აგრესიისადმი სამწლიანი გმირული წინააღმდეგობის შემდეგ? რა ჯილდოს მიიღებს იმ საშინელი მსხვერპლისთვის, რომელიც მან, როგორც გამუდმებით ამბობენ, მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გაიღო? შეერთებული შტატებისთვის თავიანთი ბუნებრივი რესურსების გაზიარების უფლების გარდა, ისინი არაფერს იღებენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მან დასძინა, რომ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმაში“ არაფერია ისეთი, რაც რუსეთის შემდეგ შეჭრას რეალურად შეაჩერებს.
„თუ გვსურს, თავიდან ავიცილოთ პუტინის შემდგომი სასტიკი ქმედებები, უკრაინისთვის უნდა გვქონდეს გრძელვადიანი, სანდო და, უპირველეს ყოვლისა, სათანადოდ დაფინანსებული უსაფრთხოების გარანტია – გარანტია, რომელსაც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ყველა დასავლელი მოკავშირე გვთავაზობენ“, – დაასკვნა ბორის ჯონსონმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გასულ კვირას პარიზში ერთგვერდიანი დოკუმენტი გადასცა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების „საბოლოო წინადადების“ სახით იყო წარდგენილი. სხვა საკითხებთან ერთად, აშშ მზადაა, აღიაროს რუსეთის კონტროლი ოკუპირებულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასა და რუსეთს მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ფინიშის ხაზი აჩვენა, ახლა კი ორივე მხარემ „დიახ“ უნდა თქვას.