ზელენსკი: რუსეთი ცდილობს მოატყუოს ამერიკა და კიდევ უფრო გაახანგრძლივოს ომი

რუსები ბევრს საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნაზე, მაგრამ რეალურად ისინი მხოლოდ შეერთებულ შტატებს და მთელ მსოფლიოს ატყუებენ თავდასხმების გაძლიერებით და ომის გახანგრძლივების მცდელობით, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი

„ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, რათა არსებობდეს სათანადო დიპლომატიის ყველა შესაძლებლობა. რუსები ბევრს საუბრობენ ამერიკული წინადადებების მიღების სავარაუდო მზადყოფნაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა რუსული არმიის მზადება რეალური სიჩუმისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

მან აღნიშნა, რომ რუსები წინსვლას მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად ცდილობენ.

„ფრონტზე ასეთი ბრძოლის თითოეული დღე ნათლად ადასტურებს, ტომ  რუსეთი ნამდვილად ცდილობს მოატყუოს მსოფლიო – მოატყუოს ამერიკა და სხვები – და კიდევ უფრო გააჭიანუროს ეს ომი“, – დასძინა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია.

„სწორედ ამიტომ არის საჭირო ზეწოლა. ზეწოლა აუცილებელია, რათა რუსებმა გადადგან ყველა ნაბიჯი, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ომის შესაჩერებლად“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, 26 აპრილს ვატიკანსა და რომში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ უკრაინის პარტნიორებს ესმით რა ხდება.

„შეხვედრებმა ვატიკანსა და რომში დაადასტურა, რომ ჩვენს პარტნიორებს ესმით, რა ხდება. უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს დიპლომატიაზე. 47 დღის წინ, ჩვენ დავთანხმდით ამერიკულ წინადადებას უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შემდეგ რუსებს ჩვენი საკუთარი წინადადებები გავაცანით: სულ ცოტა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, მაგრამ ისინი პასუხობენ „შაჰედებით“, რაკეტებით, არტილერიით და ახალი შეტევებით. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოსგან შესაბამისი რეაქცია – რეაქცია ახალი სანქციებითა და კიდევ უფრო დიდი ზეწოლით. რა თქმა უნდა, სწორედ აშშ-ს შეუძლია, გადადგას ყველაზე ხელშესახები ნაბიჯები – ხელშესახები რუსეთისთვის“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.