მაქვს კითხვა, ვინ არის მზად ჩემთან ერთად კანადის დასაცავად? ვინ არის მზად ძლიერი კანადის ასაშენებლად? – ასე მიმართა ამომრჩევლებს კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, რომლის „ლიბერალურმა პარტიამ“ არჩევნებში გაიმარჯვა.
კარნიმ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა კანადის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს კანადის მიწა და რესურსები.
„ამერიკას სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი ქვეყანა. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს, ეს არასდროს მოხდება“, – აღნიშნა კარნიმ.
მისი თქმით, კანადა ახლა ისტორიის გარდამტეხ მომენტში იმყოფება.
„ჩვენი ძველი ურთიერთობა, რომელიც აშშ-სთან ინტეგრაციას გულისხმობდა, დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“, – აღნიშნა კარნიმ.
მისი თქმით, ის და დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალს განიხილავენ.
„ლიბერალური მთავრობა გააძლიერებს პარტნიორობას ევროპისა და სხვა ქვეყნებთან. თუ აშშ-ს აღარ სურს მსოფლიო ლიდერობის წინა პლანზე ყოფნა, კანადა იქნება“, – განუცხადა კარნიმ შეკრებილ აუდიტორიას.
მისი თქმით, იმუშავებს იმისთვის, რომ კანადას დამოუკიდებელი მომავალი ჰქონდეს.
„ერთად ჩვენ ავაშენებთ კანადას, რომელიც ჩვენი ღირებულებების ღირსია. ძლიერ კანადას, თავისუფალ კანადას, გაუმარჯოს კანადას!“ – აღნიშნა მარკ კარნიმ.