დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელიც მიზნად ვაჭრობის გაძლიერებას და უკრაინაში ერთიანი, ევროპული ფრონტის წარდგენას ისახავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი პასუხია დონალდ ტრამპის მუქარაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი ტრანსატლანტიკური ალიანსის შეწყვეტას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian ავრცელებს.
30 აპრილს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე, ოფიციალური წარმომადგენლები აპირებენ რამდენიმე, ძირითადი საკითხის განხილვას, მათ შორის, ისაუბრებენ თავდაცვისა და უსაფრთხოების პაქტის შესახებ, რომელიც უკრაინასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ თემასთან ერთად, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ორივე ქვეყნისთვის, აქტუალური ამბავია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე დედაქალაქში „ახალგაზრდული გამოცდილების“ პროგრამის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დიდ ბრიტანეთში, მინიმუმ, 12 თვე გაატარონ, რაც მიგრაციის მაჩვენებლის ზრდას არ გამოიწვევს.
„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი საერთო პრინციპები, გლობალური ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და თავისუფალი, ღია ვაჭრობისადმი“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან შეხვედრის წინ, ევროკომისიის ლიდერმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ისინი ევროპელები არიან და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ საერთო ინტერესები აქვთ.
„ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენ ევროპელები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და საერთო დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორც თანამოაზრეები და როგორც პარტნიორები“, – განაცხადა ევროკომისარმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში, 30 აპრილს დაგეგმილი შეხვედრის პარალელურად, დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკებებს აგრძელებს იმ იმედით, რომ შეთანხმების მიღწევას შეძლებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს 10%-იანი ტარიფით ემუქრება, ევროკავშირს კი -20%-იანით.