” ნატოს ახალი წევრები ავტომატურად გახდნენ რუსეთის სამიზნეები”- ვის გულისხმობს დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატოში ახლახან გაწევრიანებული ქვეყნები ავტომატურად გახდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეები, „მათ შორის შესაძლო საპასუხო დარტყმების და ბირთვული კომპონენტის შემთხვევაშიც კი“. მის განცხადებას TASS ციტირებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი

მან განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებამდე ფინეთსა და შვედეთს გარკვეული საერთაშორისო პრეფერენციები ჰქონდათ, მათი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და „სხვა მრავალი ფაქტორის“ გამო.

„ახლა კი ისინი ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ბლოკში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად გახდნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნე, მათ შორის შესაძლო საპასუხო დარტყმების და თუნდაც ბირთვული კომპონენტის, ან, სამხედრო დოქტრინის ფარგლებში, პრევენციული ზომების ჩათვლით“, – განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იკითხა, თუ როგორი უსაფრთხოება მიიღეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა.

„ისინი უბრალოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნეში მოექცნენ. მათი ცხოვრება გაუმჯობესდა? – არა! ეს პოლიტიკური თამაშებია“, – აღნიშნა მედვედევმა.