აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი პრეზიდენტობის 100 დღის შემდეგ ყველაზე დაბალია შეერთებული შტატების 80-წლიან ისტორიაში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აშშ-ში გამოკითხულთა 55% მის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს და მხოლოდ 39% ტრამპის მოღვაწეობით კმაყოფილია. გამოკითხვა კომპანია Ipsos-მა, ტელეკომპანია ABC News-მა და გაზეთმა The Washington Post-მა ჩაატარეს.
„კვლევაში მონაწილე ამერიკელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ზედმეტად შორს წავიდა და ის ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების გაზრდას, სახელმწიფო ჩინოვნიკების რაოდენობის შემცირებას, ფედერალური სააგენტოების დახურვას და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღებას ცდილობს“, – წერენ კვლევების ავტორები.
კვლევებში წერია, რომ ტრამპის რეიტინგი მმართველობის პირველი 100 დღის განმავლობაში უფრო დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ბოლო 80 წლის განმავლობაში აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტს პირველი ან მეორე ვადით არჩევისას ჰქონდა.
გამოკითხულთა 67% უკმაყოფილოა ტრამპის მოქმედებით საფონდო ბაზრის დაცემის დროს, 64% მხარს არ უჭერს იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფების გაზრდით, ხოლო 61%-მა სხვა ქვეყნების მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკით არის უკმაყოფილო. გამოკითხულთა 72% დარწმუნებულია, რომ ტრამპის ქმედებები ახლო მომავალში რეცესიას გამოიწვევს, ხოლო 40% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხვის კომენტირებისას დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა, რომ „აშშ-ში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს“, არამედ არიან მედიასაშუალებები, რომლებიც „სოციოლოგიური კვლევების ფალსიფიცირებას ახდენენ“. მედიასაშუალებებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ნეგატიურ სტატიებს წერენ, ტრამპმა „ხალხის მტრები“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გაკეთებს, რათა ამერიკა კვლავ დიადი გახადოს და ამისთვის ბრძოლას გააგრძელებს.