აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის ერთ-ერთი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სამუდამოდ დასრულების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევას.
საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ასევე განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 26 აპრილს ვატიკანში გამართული „პროდუქტიული შეხვედრა“.
რუბიომ და ლემიმ ასევე ისაუბრეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომელიც 22 აპრილს ლონდონში დიდი ბრიტანეთის ეგიდით გაიმართა.
„სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ლემის დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გაწეული სამუშაოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.