გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ პარტია „გერმანიის ალტერნატივა“ მემარჯვენე ექსტრემისტულად გამოაცხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა უწყებამ ახსნა პარტიის ექსტრემისტული ხასიათით, რომელიც აბუჩად აგდებს ადამიანის ღირსებას. გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ „ინტენსიური და ყოვლისმომცველი საექსპერტო შემოწმების შემდეგ“ მიიღო.
„დადასტურდა, რომ პარტიის მიერ დასახული მიზნები თავისუფალი და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ არის მიმართული. ადამიანთა დაყოფა ეთნიკური და სქესის ნიშნით თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუსაბამოა“, – წერია უწყების დასკვნაში.
ფედერალური უწყების შეფასებით, „გერმანიის ალტერნატივის“ მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ამოგდება. კერძოდ, პარტიას მიაჩნია, რომ გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით მუსულმანური ქვეყნებიდან არიან, გერმანელი ხალხის „არასრულფასოვანი წარმომადგენლებია“.
„გერმანიის ალტერნატივა“ 2013 წელს შეიქმნა და თავიდან ის ევროსკეპტიკოსების პარტია იყო. მოგვიანებით პარტია მარჯვნივ გადაიხარა და მისი ულტრამემარჯვენე ფრთა გაძლიერდა. ბოლო წლებში „გერმანიის ალტერნატივა“ გერმანიაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. დღეს ეს პარტია ბუნდესტაგში და სხვადასხვა რეგიონის პარლამენტშია წარმოდგენილი.