ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, თავისი ფინანსური ანგარიშის შესახებ, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
იგი ბოდიშს იხდის “ძალიან პირადი სტატუსისთვის”, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ეს მის შესახებ ბოლო განცხადება იქნება, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.
პოსტში ჟურნალისტი დეტალურად საუბრობს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე, შემოსავლის წყაროებზე, სოციალურ პასუხისმგებლობებსა და სამომავლო გეგმებზე. იგი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა ამ თემებზე საჯაროდ საუბარი და რა მიზანს ემსახურება მისი ეს გამჭვირვალობა.
“კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ძალიან პირადი სტატუსისთვის, მაგრამ იმედია ბოლო სტატუსია ჩემზე, ნუ დროებით მაინც
გუშინ ვთქვი რომ ჩემს პირად ფინანსურ ანგარიშს დავდებდი. პირობა უნდა შევასრულო.
ჩემი ხელფასია 10 ათასი ლარი.
ამ ხელფასს ვიღებ ჩემს მიერ მოპოვებული სპონსორებიდან.
მაშინაც კი როცა ტელევიზიებში ვმუშაობდი, არხის საერთო ბიუჯეტიდან ძალიან ცოტა ხანი ვფინანსდებოდი.
პირიქით, რ2 ზე მუშაობის დროს, ჩემს მიერ მოპოვებულ ფინანსურ რესურსს იქეთ ვუყოფდი არხს. ( ეს იყო ფროდაქთების 50%)
ჩემი მთავარი შემოსავალი ჩემი სოცმედიაა.
თავს რომ ვიწონებ მილიონობით ნახვებით, ამ ყველაფერს მე ვყიდი. ნამდვილად მაქვს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ბიუჯეტური პლატფორმები.
მყავს სტაბილური პარტნიორი კომპანიები, მაქვს ერთჯერადი შეკვეთები. თითქმის ყველა კომპანიიდან მაქვს სხვადასხვა შინაარსის დაკვეთა მიღებული, მათ შორის ქოცებისგანაც, კარგად იციან ჩემი პლატფორმების ეფექტურობა. იმედია ამ სტატუსზე მათ კომენტარებს წავიკითხავ
წარმოდგენა რომ გქონდეთ, ჩემი მომსახურეობის ფასია 5 – 7 ათასი ლარი.
რამდენი შეკვეთაცაა თვეში, იმდენჯერ უნდა გადაამრავლოთ ეს თანხა.
სხვა ფასი აქვს ფეისბუქით მომსახურეობას. რადგან სიზუსტეს დაგპირდით 3 ათასი ლარი აქ მაქსიმუმია.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის სუსმა. დიდი ხანია ჩემი პირადი საბანკო ინფორმაციები მათ მიერ კონტროლდება.
სიკვდილი მირჩევნია ახლა ამის დაწერას მაგრამ პროპაგანდას უნდა ვუპასუხო.
ჩემს შემოსავალს , ოჯახის გარდა ჰყავს მუდმივი ბენეფიციარები.
2 მოზარდი.
ისინი ბავშვთა სახლში გაიზარდნენ. თითქმის ყველა საჭიროება ჩემი ცხოვრების ნაწილია.
ასევე , მრავალშვილიანი ოჯახი. შვილების სწავლა, ჩაცმა, კვება.
ამაზე მეტს მე არ დავწერ. ესეც ბევრი ფიქრის შემდეგ გამოვიტანე საჯაროდ.
ჩემი დანაზოგით 2019 წელს (მაშინ ფონდი არ არსებობდა) ვიყიდე მიწა კიკეთში, რომელსაც ვყიდი და თუ იყიდით არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს, კრედიტის დაფარვა მინდა.
ერთი წლის წინ, გადავწყვიტე მეც გამერისკა და ამეღო კრედიტი (მძულს ფინანსური ვალდებულებები) და ჩემი ოცნების სახლი მეყიდა.
ეს იქნებოდა ჩემი პირველი დიდი შენაძენი ცხოვრებაში, რაც დამრწმუნებდა რომ უკვე ნამდვილად დიდი გოგო ვარ
სესხი დავტვირთე მარიამის ბინით. ავიღე კრედიტი ტიბისიში, ქვემოთ არის საბუთი ბანკიდან.
კრედიტის თანხა, 350 ათასი €
დარჩენილია 313 ათასი
20 წლიანი.
6,5%
სწორედ ამ კრედიტის თანხის ნაწილის გადახდა მინდა მიწით , რომელსაც ვყიდი.
ერთადერთი სახლი ამ ქვეყანაზე რომელიც გამაჩნია მდებარეობს კიპრზე, სადაც მშვიდი ცხოვრების დროს 40 ევროდ დავფრინავდი ყოველ ხუთშაბათს. ვჭამდი სასწაულ ზღვის პროდუქტებს 20 ევროდ და სულ მქონდა მზე.
როცა ვამბობ რომ არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს სწორად ამას ვგულისხმობ. ერთი სული მაქვს ჩემი ოცნების სახლში როდის გავვარდები და ვპატიჟებ ყველა მედეგს, რომელიც ამ დრომდე იბრძვის რუსთაველის გამზირზე.
ბანკის ცნობა ადასტურებს რომ კრედიტით აღებული თანხა პირდაპირ გადაირიცხა იმ ადამიანთან, ვისგანაც საკუთრება შევიძინე.
კიდევ ერთხელ ბოდიში ასეთი პირადი სივრცის გამოფენისთვის, მაგრამ ისევ გავიმეორებ, პროპაგანდას ყველაფერზე უნდა ვუპასუხოთ
და ჰო, მართლა ჩემი ოცნება იყო ცხოვრება ზღვაზე და ბათუმზე ბევრად იაფი აღმოჩნდა სხვა ქვეყანა. ვისაც იგივე ოცნება გაქვთ, სახლის ყიდვაში დაგეხმარებით,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.