„სამშვიდობო კომპრომისისგან რუსეთი და უკრაინა ძალზე შორს არიან. პრეზიდენტმა ტრამპმა მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რამდენ ხანს აპირებს მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულებას“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა შეწყვეტილიყო ადამიანთა ხოცვა, მიღწეული ყოფილიყო მშვიდობა და შეწყვეტილიყო ნგრევა.
„ჩვენ ამას მივუახლოვდით. ეს პირველად ხდება, სამი წლის წინ ეს არ იყო. ჩვენ ვხედავთ, თუ რად უღირს უკრაინას რომ გაჩერდეს, ჩვენ ვხედავთ, თუ რად უღირს რუსეთს, რომ გაჩერდეს. პრობლემა ისაა, რომ ეს პოზიციები ჯერ კიდევ ძალზე შორს არის ერთმანეთისგან“, – განაცხადა რუბიომ.
„მისი თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს უკან დახევას და ამ საკითხში დახმარებას გააგრძელებს, თუ ამის შესაძლებლობა იარსებებს.
„გარკვეულ პერიოდში დგება მომენტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენი ხანი დაუთმოს ამ საკითხს უმაღლეს სამთავრობო დონეზე, როდესაც ორი მხარის პოზიციები ერთმანეთს არ დაუახლოვდა. ჩვენ მთელ მსოფლიოში ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს. მე არ მინდა იმის თქმა, რომ უკრაინის ომის საკითხი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ, მე ვიტყოდი, რაც ჩინეთთან დაკავშირებით ხდება, მსოფლიოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მნიშვნელოვანია. სახეზეა ჩინეთის ბირთვული ამბიციები და სხვა თვალსაჩინო ამბები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი იმის გამო დაიწყო, რომ დაინახა, რომ აშშ-ის სათავეში სუსტი პრეზიდენტი იმყოფება. მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს უკრაინას მიაწოდა შეიარაღება, რაც მას რუსული ტანკების შეჩერებაში დაეხმარა, როდესაც რუსული ძალები კიევის აღებას ცდილობდნენ.